ახალი ამბები

„მთავარი არხი“ 9 სექტემბრიდან გეგმავს მაუწყებლობის დაწყებას — გვარამია

28 აგვისტო, 2019 • 6885
„მთავარი არხი“ 9 სექტემბრიდან გეგმავს მაუწყებლობის დაწყებას — გვარამია

ახლად დაფუძნებული „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ „ნეტგაზეთს“ დაუდასტურა, რომ არხი მაუწყებლობის დაწყებას 9 სექტემბრიდან აპირებს.

როგორც გვარამიამ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, არხი ეთერში გავა „კომედი არხის“ სიხშირეზე, ტელეკომპანია „იბერიის“ შენობიდან იმ დრომდე, ვიდრე „მთავარის“ ოფისი მზად იქნება.

გენერალური დირექტორის თანახმადვე, ტექნიკა, რასაც „მთავარი არხი“ მაუწყებლობისთვის გამოიყენებს, „იბერიას“ ეკუთვნის. ნიკა გვარამია გვეუბნება:

„ჯერჯეორბით ასე [„იბერიის“ ტექნიკით] ვიმუშავებთ და როდესაც დასრულდება მოლაპარაკებები წილობრივ მონაწილეობასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი ზაზა ოქუაშვილი შემოვა და ტექნიკას შემოიტანს საწესდებო კაპიტალში“.

გვარამიას თანახმად, „მთავარ არხს“ უკვე აქვს გარანტირებული ყოველთვიური ბიუჯეტი, რომლის რაოდენობას და წყაროს არ ასახელებს. მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რისი დასრულდების შემდეგაც ცნობილი გახდება, თუ როგორ გადანაწილდება კომპანიის წილები.

რაც შეეხება არხზე გასულ კონტენტს: „მთავარია, რომ გვყავს როგორც „კურიერის“ და „პოსტსრიპტუმის“ მთავარი სახეები, ასევე, „ვანოს შოუ“ და „კომედი ჯგუფი“, პლუს ნანუკას შოუ ახალი ფორმატით. ამ კონტენტითა და ჩემი და ეკა კვესიტაძის გადაცემით დავიწყებთ და შემდეგ ვნახოთ“. ამასთან, გვარამიას თანახმად, მისი საკუთრებაა გადაცემა „მხოლოდ ქართული“.


„მთავარი არხი“ გვარამიამ მას შემდეგ დააფუძნა, რაც „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლეს. ეს მოხდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 18 ივლისის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, რომლის შემდეგაც აღსრულდა საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილება და „რუსთავი 2-ის“ მფლობელი გახდა ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში.

ახალმა მენეჯმენტმა დაახლოებით ერთ თვეში, 20 აგვისტოს, ტელეარხიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და სხვა ცენტრალური ფიგურები არხზე: ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი ლაფერაშვილი და გიორგი გაბუნია. ამ გადაწყვეტილებას სხვადასხვა თანამშრომლის პროტესტი მოჰყვა — არხი ათობით ჟურნალისტმა დატოვა.

წასვლის შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა, ასევე, პაატა იაკობაშვილმა. მათ თქვეს, რომ ტელეარხი მოექცა “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ და ამ პირობებში მუშაობა არ სურდათ. მალევე არხის დატოვების შესახებ 60-ზე მეტმა ჟურნალისტმა განაცხადა, მათ შორის არის „კურიერის“ და „პოსტსრიპტუმის“ ძირითადი გუნდი.

20 აგვისტოს შემდეგ „კურიერი“ ეთერში არ გადის. 26 აგვისტოს რ2-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საინფორმაციო სამსახურის ახალ ხელმძღვანელად წარადგინა ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი. იმნაიშვილმა თქვა, რომ არხიდან ჟურნალისტების წასვლის მიუხედავად, „ნიუსრუმი“ ცარიელი არ არის და არხზე 800-მდე თანამშრომელია დარჩენილი.

„კრემლის მთავარი მსახურის ეთერში ვერ დავრჩებით“ – კურიერის წამყვანებმა ეთერი დატოვეს [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი