ახალი ამბები

მთავრობის დახურული სხდომები საჯაროობის პრინციპის წინააღმდეგ

23 თებერვალი, 2015 •
მთავრობის დახურული სხდომები საჯაროობის პრინციპის წინააღმდეგ

თათული თოდუას თქმით, “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის მე-12 მუხლი პრობლემურია, რადგან ამ მუხლის მიხედვით, მთავრობის ყველა სხდომა დახურულია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პრემიერ-მინისტრი ღიად გამოაცხადებს სხდომას.

 

იურისტის თქმით, კანონის აღნიშნული ნორმა ზოგადადმინისტრაციული კოდექსისგან განსხვავებულ მიდგომას ავლენს მთავრობის სხდომებისთვის, მაშინ, როცა ყველა კოლეგიური ორგანოს სხდომა არის საჯარო და ღია.

 

“მთავრობის კანონი არის ერთადერთი კანონი, რომელიც მიუთითებს, რომ სხდომა, როგორც წესი, დახურული არის”, – ამბობს თათული თოდუა.

 

იურისტის თქმით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა საქართველო საპარლამენტო მოდელზე გადავიდა, საია-მ წამოჭრა საკითხი, რომ ეს ჩანაწერი შეცვლილიყო, თუმცა პარლამენტმა მათი აზრი არ გაითვალისწინა.

 

“ვფიქრობთ, რომ ეს ჩანაწერი ნამდვილად უხერხულობას ქმნის არა მარტო პარლამენტის წევრების შემთხვევაში, არამედ ზოგადად საჯაროობის კუთხით, რადგან ის საკითხები, რომელთა მიმართ საჯარო ინტერესი მაღალია, განიხილება დახურულ რეჟიმში და საჯაროობას არის მოკლებული”, – ამბობს თოდუა.

 

აღნიშნული განმარტებით, თათული თოდუამ ნეტგაზეთის კითხვაზე უპასუხა იმასთან დაკავშირებით, ჰქონდა  თუ არა საქართველოს მთავრობას უფლება, არ შეეშვა პარლამენტარები, ზურაბ ჯაფარიძე და სერგო რატიანი მთავრობის სხდომაზე?

 

დღეს ზურაბ ჯაფარიძე და სერგო რატიანი მთავრობის სხდომაზე არ დაუშვეს იმ მოტივით, რომ მთავრობის სხდომა “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მიხედვით დახურულია.

 

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მას, როგორც პარლამენტარს, “საქართველოს პარლამენტის სტატუსის შესახებ კანონის” მიხედვით, უფლება აქვს დაესწროს მთავრობის სხდომას. 

 

ჯაფარიძემ განმარტა, რომ მას სურდა მოესმინა მთავრობის გეგმები, როგორ უნდა დაძლიოს ლარის კურსის გაუარესება და რა გეგმა აქვს მთავრობას, თუმცა ჯაფარიძე ამბობს, რომ მთავრობას არ აქვს არანაირი გეგმა და ამიტომაც არ მისცეს უფლება დასწრებოდნენ მთავრობის სხდომას.

 

“ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა შექმნილი, ყველა ხედავს, რა დაემართა ლარს. წინა კვირაში მოვისმინეთ განცხადებები მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, რომ აპირებენ მთავრობის სხდომაზე განხილვას კონკრეტული ნაბიჯების, როგორ აპირებენ ქვეყანა გამოიყვანონ კრიზისიდან. ჩვენ ვაპირებდით, რომ მოგვესმინა, რა გეგმა აქვთ და ნამდვილად აქვთ თუ არა კონკრეტული ნაბიჯი. ჩვენ ასეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ არაფერს არ აპირებენ და მაგიტომაც არ შეგვიშვეს”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

ზურაბ ჯაფარიძის მიერ ციტირებულ “საქართველოს პარლამენტის სტატუსის შესახებ კანონის” მე-14 მუხლში წერია, რომ პარლამენტარს აქვს უფლება საპარლამენტო კონტროლის სფეროში “შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო ორგანიზაციაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა; შეხვდეს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ და სხვა თანამდებობის პირებს”.

 

“პარლამენტის რეგლამენტში არის მითითებული იმის შესახებ, რომ პარლამენტის წევრს უფლება აქვს სათათბირო ხმის უფლებით მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო ორგანოების მუშაობაში. რაიმე დეტალიზაცია ამას შემდგომ არ მოსდევს. არ არის მითითებული ამ წესის მოქმედება იმ შემთხვევებზე, როდესაც სხდომა არის დახურული”, – განმარტავს თათული თოდუა. მისივე თქმით, “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონი არ ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევებს პირთა წრისთვის, ანუ ამ შემთხვევაში პარლამენტის წევრებისთვის დახურულ სხდომაზე დასწრების უფლების მინიჭებას.

სახელმწიფო კანცელარია
სახელმწიფო კანცელარია

მასალების გადაბეჭდვის წესი