ახალი ამბები

გირაოს გადასახდელად შესაძლოა ტვ “პირველის” შენობის ჩადება მოგვიწიოს – ვატო წერეთელი

27 აგვისტო, 2019 • 1018
გირაოს გადასახდელად შესაძლოა ტვ “პირველის” შენობის ჩადება მოგვიწიოს – ვატო წერეთელი

თუ თბილისის საქალაქო სასამართლო ავთანდილ წერეთელს აღკვეთის სახით გირაოს შეუფარდებს, ოჯახს ტვ “პირველის” შენობის დაგირავება მოუწევს. როგორც ჟურნალისტებს ტელეკომპანიის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა უთხრა, მათ ბიზნესი არ აქვთ. შესაბამისად, იძულებული იქნებიან ნახევარი მილიონი ლარის გადასახდელად შენობა იპოთეკით დატვირთონ:

“სამწუხაროდ, ჩემი ოჯახი აქტიურ ბიზნესში აღარ არის და რატომ არ არის, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. ყველაზე ცუდი, რაც ხდება, არის ის, რომ გირაოს სახით შესაძლოა ტვ “პირველის” შენობის ჩადება მოგვიწიოს. მოგეხსენებათ, ბიზნესში აღარ ვართ და ქონების ჩადება თუ მოგვიწევს, ეს ტელეკომპანიის შენობა იქნება. ამ ფაქტს პროკურატურასა და ამ სახელმწიფოს ვულოცავ”, – აცხადებს ვატო წერეთელი.

დღეს, 27 აგვისტოს, პროკურატურამ ტელეკომოანია “პირველის” დამფუძნებლის მამის, ავთო წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისთვის სასამართლოს მიმართა. უწყება წერეთლისთვის 500 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

ავთანდილ წერეთელი თბილისში დღეს, 27 აგვისტოს, დაბრუნდა. მას ბრალი რამდენიმე დღის წინ, მაშინ წაუყენეს, როცა საზღვარგარეთ იმყოფებოდა.

ავთანდილ წერეთელმა ჟურნალისტებს აეროპორტში უთხრა, რომ ტელევიზიას ვერ წაართმევენ:

“იმ მთავრობამ ქონება და ფული წამართვა. ამ მთავარობამ წამართვა, მაგრამ ტვ “პირველს” ვერავინ წამართმევს. როცა დამიძახებენ, სასამართლოში მივალ და არა პროკურატურაში”.

პროკურატურა ავთო წერეთელს 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის დახმარებას ედავება (სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით).

აღნიშნულ საქმეზე ბრალი წაყენებული აქვთ TBC ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი