ახალი ამბები

ტვ “პირველს” ვერავინ წამართმევს – ავთანდილ წერეთელი

27 აგვისტო, 2019 • 1680
ტვ “პირველს” ვერავინ წამართმევს – ავთანდილ წერეთელი

ტვ “პირველის” დამფუძნებლის მამა, ავთანდილ წერეთელი დღეს, 27 აგვისტოს, თბილისში დაბრუნდა. მას ბრალი რამდენიმე დღის წინ, მაშინ წაუყენეს, როცა საზღვარგარეთ იმყოფებოდა.

ავთანდილ წერეთელმა ჟურნალისტებს აეროპორტში უთხრა, რომ ტელევიზიას ვერ წაართმევენ:

“იმ მთავრობამ ქონება და ფული წამართვა. ამ მთავარობამ წამართვა, მაგრამ ტვ “პირველს” ვერავინ წამართმევს. როცა დამიძახებენ, სასამართლოში მივალ და არა პროკურატურაში”.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, წერეთელი ამბობს, რომ ყველაფრის მოლოდინი აქვს.

პროკურატურა ავთო წერეთელს 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის დახმარებას ედავება (სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით).

აღნიშნულ საქმეზე ბრალი წაყენებული აქვთ TBC ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესაც. მათ 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ქმედებების მიზანი ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშეშლაა. სწორედ მამუკა ხაზარაძე ხელმძღვანელობს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელიც პორტს აშენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი