ახალი ამბები

ფილმის გადაღებების მიუხედავად რუსთაველზე აქცია “სირცხვილია” არ შეწყდება

26 აგვისტო, 2019 • 1489
ფილმის გადაღებების მიუხედავად რუსთაველზე აქცია “სირცხვილია” არ შეწყდება

აქცია “სირცხვილია” თბილისში, რუსთაველის გამზირზე უკვე ორ თვეზე მეტია გრძელდება. ორგანიზატორების თქმით, აქციებს ხელი არ შეეშლება ამერიკული ფილმის, Fast and furious-ის (ე.წ. “ფორსაჟი”) გადაღებების გამო. აღნიშნული გადაღების ფარგლებში 26 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე რუსთაველის გამზირის გადაკეტვა იგეგმება.

თანამემამულენო, როგორც იცით, აგვისტოს რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველი იკეტება ჰოლივუდური ფრანშიზის, Fast and furious (ე.წ. “ფორსაჟი”) გადასაღებად.

“მოგეხსენებათ, საინფორმაციო ველი მოცულია საბიუჯეტო და კერძო სახსრებით ხელგაშლილად დაფინანსებული დეზინფორმაციული გვერდებითა და არხებით, რომლებიც ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებისთვის მებრძოლი მანიფესტაციის დისკრედიტაციას ცდილობს.

ამიტომაც ამ ორი მოვლენის – “ფორსაჟის” და “სირცხვილიას” – თანაკვეთის შესახებ ყალბი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად (როგორიც შეიძლება იყოს “ამათ გამო ქვეყანა მილიონებს დაკარგააავს!!!”), საჭიროდ ჩავთვალეთ დაგვეზუსტებინა, რომ ჩვენ კვირების წინ შევხვდით Fast and furious-ის გულისხმიერ გუნდს და შევთანხმდით რაღაცებზე”, – ფეისბუკზე წერს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი.

დიღმელაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველი ჩაკეტილია, Fast and furious-ის გადაღება მიმდინარეობს მხოლოდ დღის შუქზე, ხოლო 20:20 საათისთვის, როცა #სირცხვილია იწყება, გადაღების პროცესი დასრულებული იქნება და აქციის ორგანიზატორებს შესაძლებლობა ექნებათ, შეუფერხებლად გააგრძელონ მანიფესტაცია არსებული ფორმატით.

“ორივე მხარე ერთმანეთის დაუბრკოლებლად გააკეთებს საკუთარ საქმეს. აქამდე შესაძლებლობა არ მქონია, საჯაროდ მადლობა გადამეხადა ამ გუნდის როგორც ქართული, ისე ამერიკული მხარისთვის. უღრმესი მადლობა მათ, რომ თავადვე გამოიჩინეს ინიციატივა და უმაღლესი სამოქალაქო თვითშეგნება!” – აცხადებს შოთა დიღმელაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი