ახალი ამბები

თიბისის დამფუძნებლებმა ხაზარაძემ და ჯაფარიძემ გირაო დაფარეს

26 აგვისტო, 2019 • 1047
თიბისის დამფუძნებლებმა ხაზარაძემ და ჯაფარიძემ გირაო დაფარეს

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომლებსაც სასამართლომ 29 ივლისს 700-700 ათასი ლარის გირაო შეუფარდა, გირაო დაფარული აქვთ.

ეს ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ დაუდასტურა როგორც ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ, ისე პროკურატურის პრესსამსახურმა. პროკურატურის თანახმად, მათ გირაო 9 აგვისტოს უზრუნველყვეს უძრავი ქონებით.

გარდა გირაოს შეფარდებისა, 29 ივლისს სასამართლომ პროკურატურის კიდევ ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს აუკრძალა ქვეყნიდან გასვლა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე.

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 24 ივლისს წარედგინათ ბრალი ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ქმედებების მიზანი ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშეშლაა. მამუკა ხაზარაძე დაკავშირებულია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“, რომელიც პორტს აშენებს.

წინა კვირას ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამას, ავთანდილ წერეთელს. ვატო წერეთელი მამისთვის „თიბისი ბანკის“ საქმეზე ბრალის წარდგენას ტვ პირველს უკავშირებს და ბრალდებას აბსურდულად აფასებს.

წერეთელი ბრალის წაყენებისას საქართველოში არ იყო. მისი შვილის თანახმად, ის პროკურატურაში გამოცხადდება 29 აგვისტოს, საქართველოში დაბრუნებისთანავე. მას შემდეგ, რაც წერეთელს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ, საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

ჯერჯერობით უცნობია, აღკვეთის რა ღონისძიების შეფარდებას მოითხოვს პროკურატურა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი