ახალი ამბები

„ტვ პირველს ვერ წაიღებთ!“ — არხის მფლობელი მამისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ

22 აგვისტო, 2019 • 2223
„ტვ პირველს ვერ წაიღებთ!“ — არხის მფლობელი მამისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ

ტვ პირველის მფლობელი ვატო წერეთელი მამამისისთვის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის „თიბისი ბანკის“ საქმეზე ბრალის წარდგენას ტვ პირველს უკავშირებს და ბრალდებას აბსურდულად აფასებს.

„მესამე წელია, ყველაფერს აკეთებთ. ყველა გზა და მეთოდი სცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით?! კიდევ ერთხელ გეუბნებით: ტვ პირველს ვერ წაიღებთ! ვრჩებით გავლენების მიღმა —მოვლენების შუაგულში. სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება. მამა — ავთო წერეთელი არის ჩვენი თანამოაზრე ამ ბრძოლაში“, — დაწერა ვატო წერეთელმა ფეისბუკზე.

წერეთლის თანახმადვე, მამამისი მზად არის, გამოცხადდეს პროკურატურაში 29 აგვისტოს, საქართველოში დაბრუნებისთანავე, და ამის თაობაზე გენერალური პროკურატურა უკვე საქმის კურსშია.

პროკურატურამ 22 აგვისტოს განაცხადა, რომ ავთანდილ წერეთელს — ტვ პირველის მფლობელის, ვატო წერეთლის მამას — ბრალს წარუდგენენ „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ავთანდილ წერეთელი 22 აგვისტოს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით, რის შემდეგაც საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. ჯერჯერობით უცნობია, აღკვეთის რა ღონისძიების შეფარდებას მოითხოვს პროკურატურა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის.

იმავე საქმეზე  ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ივლისში ბრალი წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. ეს ნიშნავს, რომ ჯაფარიძეს და ხაზარაძეს ედავებიან ჯგუფურად ფულის გათეთრებას, რასაც „თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“. იგივე მუხლებია ნახსენები ავთო წერეთლის ბრალდებაში. ბრალდებულები უარყოფენ წაყენებულ ბრალდებას.

ნახეთ ასევე:

პროკურატურამ TBC-ის საქმეზე ტვ პირველის მფლობელის მამას ბრალი წაუყენა

მასალების გადაბეჭდვის წესი