ახალი ამბები

სამწუხაროა, როცა ოჯახის წევრებს აქვთ განცდა, რომ ია კერზაიას საქმე სათანადოდ არ გამოიძეს – ჩუგოშვილი

24 აგვისტო, 2019 •
სამწუხაროა, როცა ოჯახის წევრებს აქვთ განცდა, რომ ია კერზაიას საქმე სათანადოდ არ გამოიძეს – ჩუგოშვილი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილის თქმით, სამწუხაროა, როცა ია კერზაიას შვილი და მისი ოჯახი ფიქრობს, რომ საქმეზე პროკურატურამ სათანადო საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაატარა და გამოძიება ისე შეწყვიტა.

“საქმის სამართლებრივ მხარეზე ვერ ვისაუბრებ, რადგან გამოძიების დეტალები არ ვიცი. არგუმენტები, რაც პროკურატურამ მოიყვანა, ამაზე თავად უნდა ისაუბროს. მე მხოლოდ შემიძლია ერთადერთი რამ გითხრათ… როდესაც ოჯახის წევრებსა და შვილს აქვთ განცდა, რომ საქმე სათანადოდ არ იქნა გამოძიებული, ეს ძალიან სამწუხაროა. პროკურატურამ უნდა სცადოს ან სათანადო ინფორმირება მოახდინოს მათი ან წარმართოს პროცესები ისე, რომ ოჯახის წევრებს ჰქონდეთ განცდა, რომ ამ საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული,”-განაცხადა ჩუგოშვილმა.

ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ პროკურატურამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება კერზაიას საქმეზე გამოძიების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ბაჩანა შენგელიამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ გაივლის ყველა სამართლებრივ გზას და საბოლოოდ იჩივლებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რათა დაადგინოს სიმართლე, რომლის მიხედვითაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხელისუფლებამ ია კერზაიაზე ზეწოლის მოხდენის მიზნით მისი სკოლა შეამოწმა. ამის შემდეგ გაუარესდა ია კერზაიას ჯანმრთელობა და საბოლოოდ  გარდაიცვალა.

გუშინ, 23 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ ია კერზაიას საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. პროკურატურა აცხადებს, რომ უწყებაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება – დანაშაულის არარსებობის გამო საქმეზე გამოძიება შეწყდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი