ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. ამ ოდენობით გირაოს შეფარდება პროკურატურა ითხოვდა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
ბრალდებულის ადვოკატის თქმით, ლაურა ღაჭავას უძრავი ქონება და აქტივები დაყადაღებულია და გირაოს გადახდას ვერ შეძლებს. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს:
“ეს ჩვენთვის მიუღებელი იყო, არც ველოდით ასეთი თანხის გაჟღერებას. მათაც იციან, რომ დაყადაღებული აქვს ყველა ქონება და აქტივი და ეს იგივე აღკვეთი ღონისიების სახე არ არის? აუცილებლად აღკვეთის შემდგომ უნდა, არ აქვს იმის საშუალება, რომ 500 000 ლარი შეიტანონ, ეს იგივე პატიმრობის მოთხოვნაა. აუცილებლად გავასაჩივრებთ”, – ამბობს ადვოკატი.
ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას ედავებიან საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნასა და ამ გზით სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენებას.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივის შექმნისა და გამოყენების ფაქტებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 54 პირის მიმართ, რომელთაგან, დღეის მდგომარეობით, პატიმრობაში იმყოფება 38 პირი.
ლაურა ღაჭავას სახელმწიფოს 2.2. მილიონი ლარით დაზარალებას ედავებიან