ახალი ამბები

ლაურა ღაჭავას სახელმწიფოს 2.2. მილიონი ლარით დაზარალებას ედავებიან

21 აგვისტო, 2019 • 1904
ლაურა ღაჭავას სახელმწიფოს 2.2. მილიონი ლარით დაზარალებას ედავებიან

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით, სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ლაურა ღაჭავამ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სხვა პირებთან ერთად, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანისა და უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ყალბი ხელშეკრულებების გაფორმების გზით, კომპანიის მიერ წარდგენილ დღგ-ის, საშემოსავლოსა და სოციალური გადასახადის დეკლარაციების დაზუსტებისა და არარსებული ოპერაციებით მანიპულირების გზით, თავის კომპანიას შეუქმნა რამდენიმემილიონიანი ყალბი აქტივი დამატებული ღირებულების გადასახადში, რომლითაც შემდგომში იფარებოდა კომპანიების მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები და ნავთობპროდუქტების იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო მოსაკრებლები”, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ლაურა ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი, რომელიც ამ ეტაპზე არის დადგენილი, 2 160 955 ლარს შეადგენს.

ლაურა ღაჭავა ბრალდების წარდგენის მიზნით, დღეს, 14:00 საათზე დაბარებულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

ლაურა ღაჭავა “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რა საქმესთან დაკავშირებით უყენებენ ბრალს.

“ვაპირებ მისვლას საგამოძიებო სამსახურში. ჯერ არავის დავუკითხივარ და წარმოდგენა არა მაქვს, რა ბრალს მიყენებენ. გავეცნობი და ამის შემდეგ შევძლებ კონკრეტულად საუბარს. მე არანაირი ყალბი და არასწორი ოპერაცია არ განმიხორციელებია”, – განაცხადა ღაჭავამ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივის შექმნისა და გამოყენების ფაქტებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია სულ 54 პირის მიმართ, რომელთაგან, დღეის მდგომარეობით, პატიმრობაში იმყოფება 38 პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი