ახალი ამბები

მედიამრავალფეროვნებაზე უარყოფითად აისახება – გიორგი გოგია რ2-ის მოვლენებზე

22 აგვისტო, 2019 • 1022
მედიამრავალფეროვნებაზე უარყოფითად აისახება – გიორგი გოგია რ2-ის მოვლენებზე

ორგანიზაცია Human Rights Watch-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, გიორგი გოგია მიიჩნევს, რომ “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებული მოვლენები ქვეყნის მედიასივრცის მრავალფეროვნებაზე უარყოფითად აისახება. ამის შესახებ ის “ნეტგაზეთს” ესაუბრა.

მისი თქმით, არხის სარედაქციო პოლიტიკის შესაძლო ცვლილება ინფორმაციაზე მომხმარებლის წვდომაზეც იმოქმედებს.

“მე შემიძლია ვიმსჯელო დამდგარი შედეგით. პიროვნებამ, რომელიც შეგვიპრდა, რომ არ შეცვლიდა არხის სარედქციო პოლიტიკას, სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ გაათავისუფლა არხის საინფორმაციოს ხელმძღვანელი, რასაც მოჰყვა ჟურნალისტების მიერ არხის დატოვება. დადგა ის შედეგი, რომ ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად და ოპოზიციურად განწყობილი არხი საინფორმაციოს ვეღარ უშვებს და ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი განსხვავებული აზრის მოსმენა არ შეუძლია მომხმარებლის გარკვეულ რაოდენობას. ეს, რა თქმა უნდა, აისახება მედიამრავალფეროვნებაზე, რაც თითოეულ ჩვენგანს, ვინც ინფორმაციის მომხმარებელი ვართ ამ ქვეყანაში, გვაზარალებს, რადგან ნაკლები ხელმისაწვდომობა გვაქვს მასზე”, – აღნიშნავს გიორგი გოგია.

დღეს, 22 აგვისტოს, ტელეკომპანია “რუსთავი 2” დატოვეს გადაცემა “P.S”-ის გუნდმა და “შაბათის შუადღის” წამყვანებმა. მანამდე, 21 აგვისტოს, “რუსთავი 2”-დან საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემების ჟურნალისტთა უმრავლესობა წავიდა.

ამას წინ უძღოდა სამშაბათს, 20 აგვისტოს, ტელეარხის დირექტორის, პაატა სალიას გადაწყვეტილება “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის – ნოდარ მელაძის, ასევე, ეკა კვესიტაძის, ნანუკა ჟორჟოლიანის, გიორგი ლაფერაშვილის, გიორგი გაბუნიას გათავისუფლების შესახებ. ამავე დღეს წასვლის შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა, ასევე, პაატა იაკობაშვილმა.

აღნიშნული მოვლენების ფონზე, მეორე დღეა საინფორმაციო გამოშვება “კურიერი” ეთერში არ გადის. არ მუშაობს არხის ვებგვერდიც.

“რუსთავი 2″-ის დირექტორი პროცესებს ჯერ არ გამოხმაურებია. ის არც სატელეფონო ზარებს პასუხობს.

„კრემლის მთავარი მსახურის ეთერში ვერ დავრჩებით“ – კურიერის წამყვანებმა ეთერი დატოვეს [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი