“რუსთავი 2”-ის გადაცემა “შაბათის შუადღის” ოთხივე წამყვანმა ტელეკომპანია დატოვა. განცხადება ნესტან ნენე კვინიკაძემ, ქეთი დევდარიანმა, ლაშა ბუღაძემ და დათო ტურაშვილმა დღეს, 22 აგვისტოს გაავრცელეს.
“იმ მედია-რეალობის გათვალისწინებით, რომელიც სამწუხარო მოცემულობად იქცა საქართველოსთვის, ჩვენ, “ლიტერატურული შაბათის” წამყვანები, შეუძლებლად მივიჩნევთ დავრჩეთ ტელევიზიაში, სადაც აღარ იარსებებს ქართული სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მოქმედი ხელისუფლებისათვის კი მიუღებელი კრიტიკული სიტყვა.
სამწუხაროდ, საქართველოში უკვე მერამდენე ხელისუფლება იმეორებს წინამორბედის შეცდომებს და არც ეს ხელისუფლებაა გამონაკლისი ამ მხრივ. მეტიც – ეჭვი გვაქვს, რომ ეს მმართველობა არა მხოლოდ დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას, არამედ საქართველოს ევროპულ, ისტორიულ არჩევანს უქმნის საფრთხეს და, რაც მთავარია, საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ქართულ სახელმწიფოებრიობას.
ამიტომაც იმ ტელეკომპანიაათან, რომელიც ხელისუფლების ასეთი კურსისა და პოლიტიკის გამტარებელი იქნება, ჩვენ ვერ გავაგრძელებთ თანამშრომლობას და ჩვენ ისევ იმ ღირებულებების ერთგულები ვიქნებით, რასაც ლიტერატურა ყოველთვის გვკარნახობს და რისთვისაც ეს გადაცემა შეიქმნა და წლების განმავლობაში არსებობდა – თავისუფლების ალტერნატივა არ არსებობს და თავისუფლება არ იყიდება”, – აღნიშნავენ ისინი.
მანამდე, 21 აგვისტოს, “რუსთავი 2” საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემების ჟურნალისტთა უმრავლესობამ დატოვა. ამას წინ უძღოდა 20 აგვისტოს ტელეარხის დირექტორის, პაატა სალიას გადაწყვეტილება “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის – ნოდარ მელაძის, ასევე ეკა კვესიტაძის, ნანუკა ჟორჟოლიანის, გიორგი ლაფერაშვილის, გიორგი გაბუნიას გათავისუფლების შესახებ. ამავე დღეს წასვლის შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა, ასევე, პაატა იაკობაშვილმა.
აღნიშნული მოვლენების ფონზე, მეორე დღეა საინფორმაციო გამოშვება “კურიერი” ეთერში არ გადის. არ მუშაობს არხის ვებგვერდიც.
“რუსთავი 2″-ის დირექტორი პროცესებს ჯერ არ გამოხმაურებია. ის არც სატელეფონო ზარებს პასუხობს.
„კრემლის მთავარი მსახურის ეთერში ვერ დავრჩებით“ – კურიერის წამყვანებმა ეთერი დატოვეს [ვიდეო]