ახალი ამბები

ბახტაძე და თალაკვაძე გუგუტიანთკარში ღამით, მედიასთან დაანონსების გარეშე ჩავიდნენ

21 აგვისტო, 2019 • 1314
ბახტაძე და თალაკვაძე გუგუტიანთკარში ღამით, მედიასთან დაანონსების გარეშე ჩავიდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გუშინ, ღამით, გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახური პოსტ-ფაქტუმ ავრცელებს, ღონისძიება მედიისთვის დაანონსებული არ ყოფილა.

“მნიშნელოვანია, უშუალოდ მოსახლეობისაგან მოვისმინო იმის შესახებ, რაც მათ აწუხებთ და სჭირდებათ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ სოფელ გუგუტიანთკარში, გოჩა მარღიშვილის ოჯახში სტუმრობისას განაცხადა. გოჩა მარღიშვილმა პრემიერ-მინისტრს ტელევიზიის საშუალებით რამდენიმე დღის წინ მიმართა და შეხვედრა სთხოვა.

“ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი პროექტი განვახორციელეთ აქ, მაგრამ გვაქვს მიმდინარე პროექტებიც, რომელთა ტემპები კიდევ უფრო დაჩქარდება. მოსახლეობის თხოვნით მალე გადაიჭრება სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა, დავასრულეთ გზის მშენებლობა, მოვაწყეთ სარწყავი ინფრასტრუქტურა. ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილია”, – პრესსამსახურის ცნობით განაცხადა მამუკა ბახტაძემ და დასძინა, რომ ადგილობრივი ახალგაზრდების თხოვნით გუგუტიანთკარში ახალგაზრდებისთვის სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

როგორც პრესსამსახურის გავრცლეებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სოფელში შემოსავლის წყაროს გაჩენა მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

“სოფლის მეურნეობის პროგრამები არის უმნიშვნელოვანესი. გპირდებით, რომ აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ რწმენა, რომ თავისი შესაძლებლობების რეალიზაციას აქ, თავის მშობლიურ სოფელში შეძლებენ. ასეთი გამოწვევები და განსაცდელები ჩვენ გვქონია საუკუნეების განმავლობაში და ერთსულოვნებით გადაგვილახავს. ყველაზე მიუღებელია ასეთ საკითხებზე სპეკულაცია”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძე, ასევე, იმყოფებოდა ახალუბანში, სადაც ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა მოინახულა.

“ეს სამი დღე იყო ძალიან მძიმე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბიჭები ოჯახში მშვიდობით, ჯანმრთელად დაბრუნდნენ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერთან ერთად სოფელში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი იმყოფებოდნენ.

სოფელ ახალუბანში მცხოვრები 7 და მეჯვრისხევში მცხოვრები ერთი პირი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 17 აგვისტოს გაიტაცეს. რუსეთის საოკუპაციო ძალები სოფელ გუგუტიანთკარში 7 აგვისტოდან მავთულხართებს ამონტაჟებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი