ახალი ამბები

ხაზარაძისა და ჯაფარიძის $16.7 მლნ-ის ქონების დაყადაღება მოვითხოვეთ — პროკურატურა

20 აგვისტო, 2019 •
ხაზარაძისა და ჯაფარიძის $16.7 მლნ-ის ქონების დაყადაღება მოვითხოვეთ — პროკურატურა

პროკურატურა აცხადებს, რომ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის, საერთაშორისო კონვენციების და რეკომენდაციების შესაბამისად, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშებზე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხის, 16 664 000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტის ქონების დაყადაღების შუამდგომლობით“.

უწყების თანახმად, ამჟამად მიმდინარეობს განჩინების აღსრულებისათვის კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო მოქმედებები. პროკურატურის ამ განმარტებამდე რამდენიმე წუთით ადრე მამუკა ხაზარაძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ მისი და ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღეს.

„გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ყადაღა წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო დროებით იძულებით ღონისძიებას და გამოიყენება განაჩენის აღსრულებამდე“, — წერია პროკურატურის პრესსამსახურის მიერ ნეტგაზეთისთვის მიწოდებულ განცხადებაში.

თიბისი ბანკის დამფუძნებლის შეფასებით კი „ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, — რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის საბოლოოდ გაჩერება“.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ  24 ივლისს თქვა, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

აღნიშნული საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. პარლამენტში გამართული მოსმენისას მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ კატეგორიულად უარყვეს მათი მხრიდან რაიმე სახის უკანონო ქმედების ჩადენა. გამოძიება უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

რას უნდა ველოდოთ ხაზარაძის “საზოგადოებრივი მოძრაობისგან”

ნახეთ ასევე:

რას უნდა ველოდოთ ხაზარაძის “საზოგადოებრივი მოძრაობისგან”

მასალების გადაბეჭდვის წესი