ახალი ამბები

მისი პროფესიული გამოცდილებით ვიხელმძღვანელეთ – პრეზიდენტის ადმინისტრაცია ლეჟავას დანიშვნაზე

20 აგვისტო, 2019 • 1595
მისი პროფესიული გამოცდილებით ვიხელმძღვანელეთ – პრეზიდენტის ადმინისტრაცია ლეჟავას დანიშვნაზე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დიმიტრი ლეჟავა პრეზიდენტის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში მიმდინარე წლი 8 ივლისიდან დაინიშნა და ამ საკადრო გადაწყვეტილებისას ადმინისტრაციამ მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე იხელმძღვანელა.

“დიმიტრი ლეჟავა არის საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლი თავდაცისა და უსაფრთხოების საკითხებში. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, დიმიტრი ლეჟავა 2019 წლის რვა ივლისიდან ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. მისი დანიშვნისას პრეზიდენტის ადმინსიტრაციამ იხელმძღვანელა მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მედიის კითხვებზე წერილობით მიწოდებულ პასუხში დიმიტრი ლეჟავას დანიშვნასთან დაკავშირებით.

ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში დაცული ინფორმაციით, დიმიტრი ლეჟავა არის ბრიგადის გენერალი. იგი 1983-1994 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, 1994-96 წლებში – სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურში, 1996-98 წლებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში (1996-1998). ასევე, იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსი.

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ დიმიტრი ლეჟავას დანიშვნა კითხვის ნიშნებს აჩენს, ერთი მხრივ, მისი კომპეტენციის და მეორე მხრივ, წარსული საქმიანობის გამო.

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ლუსტრაციის კანონი არ არის და ჩვენ ასე გაცხადებულად არ გვაქვს გამოქვეყნებული სია, ვინ მუშაობდა რუსულ სპეცსამსახურებთან იმ პერიოდში, მოგეხსენებათ, საბჭოთა პერიოდში უშიშროების სამსახურების სპეციფიკა იყო იმგვარი, რომ მათ, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა ჰქონდათ КГБ-ის მოსკოვის სპეცსამსახურებთან. ამიტომ, ეს დანიშვნა მინიმუმ კითხვის ნიშნის შემცველია. მე კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებდი მისი კომპეტენციის საკითხსაც. ბოლოს საჯარო უწყებაში ლეჟავა მუშაობდა 2003 წლამდე, თავდაცვის სამინისტრო კადრების უფროსი იყო. რამდენად იცნობს ის თავდაცვისა და უსაფრთხოების დასავლურ სტანდარტებს, რამდენად არის ინფორმირებული იმ რეფორმებზე, რასაც თავდაცვის უწყება ახორციელებს ნატო-ში გაწევრების კუთხით, რა განათლება და კვალიფიკაცია აქვს, ესეც კითხვის ნიშნის გვეშ დგას”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” აქუბარდიამ.

ამავე თემაზე:

პრეზიდენტის მრჩევლად КГБ-ის ყოფილი ოფიცერი დაინიშნა – “რუსთავი 2”

მასალების გადაბეჭდვის წესი