ახალი ამბებიკომენტარი

ზვიად ქორიძე: რუსთავი 2-დან ამ ადამიანების მოშორება იყო პირველი რიგის ამოცანა

20 აგვისტო, 2019 • 4713
ზვიად ქორიძე: რუსთავი 2-დან ამ ადამიანების მოშორება იყო პირველი რიგის ამოცანა

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ მოსალოდნელი იყო „რუსთავი 2“-იდან იმ თანამშრომლების გათავისუფლება, რომლებიც ქმნიდნენ არხის სარედაქციო პოლიტიკას.

„ჩემთვის სარწმუნო არ იყო ის წინადადებები, რომელიც მოსვლის პირველი დღიდან ქიბარ ხალვაშის გარდა პაატა სალიასგან გვესმის, რომ ისინი სარედაქციო დამოუკიდებლობის ხარისხს არ მიაყენებენ დარტყმას და ამ სარედაქციო ჯგუფს, რომელიც უზრუნველყოფს არხის პოლიტიკას, შეუნარჩუნებენ გარემოს. ეს არ იყო სანდო დაპირება, თავიდანვე იყო გარკვეული საფუძველი იმისა, რომ ეჭვი შეგვეტანა ამ განცხადების გულწრფელობაში. ერთი თვეა მოსულია ახალი მენეჯმენტი და რაც გააკეთეს, ეს იყო ერთი თვის თავზე ზუსტად იმ თანამშრომლების გაშვება, რომლებიც ქმნიან ამ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკას.

მიზანი ამ ტელევიზიის მითვისებისა იყო ის, რომ არა მხოლოდ მეპატრონე გამოცვლილიყო და ქიბარ ხალვაშზე ამოსდიოდა მზე და მთვარე ბიძინა ივანიშვილს, არამედ ის, რომ ამ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა შეცვლილიყო.

სარედაქციო პოლიტიკას უზრუნველყოფენ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ  ჟურნალისტებლად, პროდიუსერებად, რედაქტორებად და, შესაბამისად, ამ ადამიანების მოშორება იყო პირველი რიგის ამოცანა. არ ვიცი, ვის რა შესთავაზეს, ახლა ძალიან ძნელია ამაზე ვიმარჩიელოთ… ჩემთვის გაუგებარია არგუმენტი, რომ შეიძლება იმიტომ გაუშვა ჟურნალისტი, რომ თურმე ის იღებდა მაღალ ხელფასს და რომ ამ მაღალმა ხელფასმა გამოიწვია მერე ფინანსური პრობლემები არხზე. ეს არ შეიძლება იქნას გამოყენებული ჟურნალისტის წინააღმდეგ და ჟურნალისტის დასასჯელად.

მარტივად რომ ვთქვათ, პაატა სალია და ქიბარ ხალვაში ცოტათი ამლაშებენ, მათ რაც აქვთ ამოცანა ღიად უნდა თქვან, მათი ამოცანაა ამ ადამიანების ტელევიზიიდან გაყრა. ისინი ამას აუცილებლად გააკეთებენ და ამისათვის მოიგონო კეთილშობილური მიზნები, არის ცოტა სასაცილო.

შემდეგ ეტაპი იქნება უკვე ჟურნალისტები, რომლებიც ამ ადამიანებთან ერთად ქმნიდნენ სარედაქციო პოლიტიკას, დაიწყება რანჟირება, რომელი ჟურნალისტი გვაწყობს, რომ დარჩეს ტელევიზიაში და რომელი – არა, იქნება დაპირისპირება ამ ჯგუფებს შორის და ყველანაირად შეეცდება მმართველობა, რომ გამოიწვიოს სრული დაშლა ტელევიზიის სარედაქციო ჯგუფის, რომელიც ქმნის კრიტიკული შინაარსის მქონე ტელევიზიას“, – განაცხადა ზვიად ქორიძემ ნეტგაზეთთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი