ნეტგაზეთი | ქაცარავას თქმით, საოკუპაციო ხაზთან რამდენიმე პირი თავს დაესხა ქაცარავას თქმით, საოკუპაციო ხაზთან რამდენიმე პირი თავს დაესხა – Netgazeti

ქაცარავას თქმით, საოკუპაციო ხაზთან რამდენიმე პირი თავს დაესხა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” წარმომადგენელი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ დღეს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბობნევში თავს დაესხნენ და თავდასხმის ორგანიზებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.

ქაცარავას თქმით, ბობნევში მისი ჩასვლის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმაც არ იცოდნენ და ინფორმირებული იყო მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო. ქაცარავას თქმით, პოლიცია ჩხუბის დროს ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა თავდასხმა ვერ შეაჩერა. 

“ჩემი აქ მოსვლის შესახებ იცოდა მხოლოდ შსს-ს პრესსამსახურმა. როცა მოვედი, საგუშაგოზე დაახლოებით ნახევარი საათი ვიყავი გაჩერებული, სანამ მოვიდა პოლიციის ეკიპაჟი და შემომყვა ბობნევში, დათა პაპას სახლთან. მანქანის გაჩერება ვერ მოვასწარი, რომ იქ ადგილზე მყოფი 4-5 კაციანი ახალგაზრდა ნაძირლების ჯგუფი დამხვდა, რომელიც მაშინვე აგრესიულად მომვარდა და დაიწყეს ხმამაღლა ლაპარაკი: გაეთრიე აქედან, რატომ გვირევ სიტუაციასო”, – განაცხადა ქაცარავამ.

მისი თქმით, დამხვდურებმა მას აგინეს, ხელი გაარტყეს, რაზეც პასუხიც მიიღეს.

“ესენი არიან მოგზავნილი “ტიტუშკები”. აშკარაა, რომ ხელისუფლებამ დაიწყო ჩემს წინააღდმეგ ასეთი მეთოდებით ბრძოლა. ეს ადამიანები შემთხვევით არ იყვნენ იქ, ზუსტად იცოდნენ როდის მოვიდოდი, სად და იყვნენ კარგად მომზადებული კურდღლები. გზავნილი მიღებულია და თუ გგონიათ, რომ ერთი წამით შეგვაფერხებთ, ძალიან ცდებით”, – ამბობს დავით ქაცარავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.