საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმისგან” უმოკლეს ვადებში ითხოვს, იპოვოს ისეთივე გამოცდილების ინვესტორი, როგორიც იყო ამერიკული “კონტი ჯგუფი”. აღნიშნულმა ამერიკულმა კორპორაციამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დატოვა.
როგორც სამინისტროს 17 აგვისტოს განცხადებაშია ნათქვამი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად 2014 წლის 5 აგვისტოს გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის (ტენდერის) ძირითადი და აუცილებელ პირობებს შორის იყო:
- გამარჯვებულ კომპანიას უნდა ჰქონოდა ანალოგიური პორტის აშენებისა და მართვის, სულ მცირე, 5-წლიანი გამოცდილება;
- მსგავსი პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი ფინანსური მდგომარეობა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმში” შემავალი კომპანიებიდან ერთადერთი კომპანია, რომელიც აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობებს იყო სწორედ ამერიკული კომპანია “კონტი ჯგუფი”. შესაბამისად, შპს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” ტენდერში გამარჯვება განაპირობა კონსორციუმში “კონტი ჯგუფის” მონაწილეობამ.
სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ:
საზოგადოების ყურადღება არაერთხელ გამახვილდა იმაზე, რომ სამწუხაროდ, ტენდერში გამარჯვების შემდეგ “კონტი ჯგუფი” არ ყოფილა ჩართული პროექტის განხორციელებაში. კონსორციუმში 42 პროცენტიანი წილის ფლობის მიუხედავად, “კონტი ჯგუფს” არ მიუღია მონაწილეობა არც პროექტის დაფინანსებაში, არც კონსორციუმის 120 მილიონ დოლარიანი საკუთარი კაპიტალის შევსებაში, არც დაფინანსების მოძიების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში.
ყოველივე ეს სერიოზულ ეჭვებს იწვევდა “კონტი ჯგუფის” პროექტში რეალურად არსებობის შესახებ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2018 წლის 6 დეკემბერს “კონტი ჯგუფის” პრეზიდენტმა კურტ კონტიმ კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო ოფიციალურად დატოვა.
საყურადღებოა ისიც, რომ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” განცხადება “კონტი ჯგუფის” პროექტიდან გასვლის თაობაზე გაკეთდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამინისტრომ ოფიციალური მიმართვით მოუწოდა კონსორციუმის ყველა დამფუძნებელს, მათ შორის “კონტი ჯგუფს”, პროექტის დაფინანსების კუთხით არსებული გამოწვევების გადასაჭრელად, მეტი მხარდაჭერისა და ჩართულობისაკენ.
ვითარების იმდაგვარად წარმოჩენა, თითქოს “კონტი ჯგუფის” გასვლის შემდეგ, ანაკლიის პორტს წარმატებით ააშენებს კონსორციუმის ქართული მხარე, არ შეესაბამება რეალობას.
სწორედ კონსორციუმში „კონტი ჯგუფის“ ფორმალური მონაწილეობის და რეალური სტრატეგიული ინვესტორის თავიდანვე არ არსებობის გამო, 2017 წლიდან დღემდე დაფინანსების მოპოვების ვადების არაერთჯერადი გადავადების და მთავრობის მხრიდან უპრეცენდენტო მხარდაჭერის მიუხედავად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დღემდე არ აქვს მოზიდული საკუთარი კაპიტალი, არ აქვს წარდგენილი ბანკებისთვის ტვირთბრუნვის და სესხის სრული უზრუნველყოფის გარანტიები და არ აქვს მიღწეული შეთანხმება ბანკებთან სესხის მიღების თაობაზე.
ამდენად, მოვუწოდებთ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” უმოკლეს ვადებში წარუდგინოს მთავრობას დროში გაწერილი გეგმა კონსორციუმის 42%-იანი წილის მქონე ამერიკული კომპანია “კონტი ჯგუფის” ტენდერის მოთხოვნებთან შესაბამისი გამოცდილების და ფინანსური მდგომარეობის მქონე დასავლური სტრატეგიული ინვესტორით იგივე მოცულობით ჩანაცვლების თაობაზე.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო მიესალმება იმ ფაქტს, რომ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ამჯერად შეძლო მის მიერ აღებული ვალდებულების ვადაში შესრულება და წარმოადგინა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ხელშეკრულების პროექტი.
სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ კონსორციუმი შეძლებს კიდევ ერთი ვადის დაცვას და წარმოდგენილი ხელშეკრულების პროექტს 2019 წლის ბოლომდე შეათანხმებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.
“ასევე, ვიმედოვნებთ რომ 2019 წლის 15 ოქტომბრისთვის კონსორციუმი წარმოადგენს ბანკებთან საბოლოოდ შეთანხმებულ სესხის პირობებს, კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსებაში მონაწილე ინვესტორებთან მიღწეულ შეთანხმებებს, ხოლო 2019 წლის ბოლოსთვის – პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო 520 მილიონი დოლარით დაფინანსების ხელმოწერილ ხელშეკრულებებს”, – აცხადებს სამინისტრო.
ახვლედიანი: “კონტის” გასვლით არაფერი მომხდარა, რაც კონსორციუმს კრიტიკულად დააზარალებს