ახვლედიანი: “კონტის” გასვლით არაფერი მომხდარა, რაც კონსორციუმს კრიტიკულად დააზარალებს

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ ამერიკული “კონტი ჯგუფის” კონსორციუმიდან გასვლით პროექტი არ დაზარალდება.

მისი თქმით, ბოლო დროს ჯგუფს პასიური როლი ჰქონდა. დეკემბერში მათ სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს და მხოლოდ აქციონერებად რჩებოდნენ:

“ჯგუფს ჰქონდა ძალინ პასიური როლო ამ ბოლო დროს. დეკემბერში მათ სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს და მხოლოდ აქციონერებად რჩებოდნენ. ლაპარაკი მათ გასვლასთან დაკავშირებით დღეს და გუშინ არ ყოფილა, ამაზე გარკევული პერიოდი მიდიოდა ლაპარაკი. რა თქმა უნდა, თვითონ ფაქტი არ არის სასიამოვნო, მაგრამ არ მომხდარა არაფერი ისეთი, რამაც შეიძლება კრიტიკულად დააზიანოს კონსორციუმი” – ამბობს ახვლედიანი.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი კონკრეტული მიზეზების დასახელებისგან თავს იკავებს და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორის პროექტიდან გასვლა პროექტში ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობას არ შეამცირებს.

ახვლედიანმა ასევე აღნიშნა, რომ გუშინ კონსორციუმმა გენერალურ კონტრაქტორთან ხელშეკრულებაზე მუშაობა დაასრულა და ეს დოკუმენტი დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარუდგინეს:

“ჩვენ გუშინ მივაღწიეთ მნიშვნელოვანი პროცესის გარკვეულ ეტაპს, გენერალურ კონტრაქტორთან დავასრულეთ ხელშეკრულებაზე მუშაობა. ჩვენ ერთი წელი გავატარეთ ტენდერის პროცესში. 3 თვეა კონტრაქტორის შერჩევასა და პირობებზე მიმდინსსრეობს მოლაპარაკება. ეს არის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს 5 000 გვერდს. დღეს ვაბარებთ ამ ხელშეკრულებას ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ეს არის გენერალირი კონტრაქტი. პრაქტიკულად, პროექტის ტექნიკური მხარე მზად არის, თუ როგორც მოხდება თანხების მოძიება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მეორე დღესვე რომ დავიწყებთ მშენებლობას. ეს არის მოწინავე ფრანგული კომპანია და მისი პარტნიორები” – ამბობს ახვლედიანი.


ამერიკულმა კომპანია “კონტი ჯგუფმა” ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” კონსორციუმში დაუდასტურეს. ინფორმაცია თავდაპირველად სააგენტო “აქცენტმა” გაავრცელა. კონსორციუმში კომპანიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებზე არ საუბრობენ. როგორც ანაკლიის განვითარების კონსორციუმში გვითხრეს, პროექტში კვლავინდებურად რჩება კიდევ ერთი ამერიკული კორპორაცია SSA Marine.

“კონტი ჯგუფი”  ქართულ “თიბისი ჯგუფთან ერთად” ერთ-ერთი დამფუძნებელია ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა, რომელიც მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და განვითარებაზეა პასუხისმგებელი.

5 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოში ახალი წევრები შევლენ. კონსორციუმში ამბობენ, რომ კანდიდატთა დანიშვნასთან დაკავშირებული შესაბამისი კორპორაციული ფორმალობების გავლის შემდეგ, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მაიკლ ქაუგილი შეუდგება, ხოლო თედ ჯონასი და ჟან-პატრიკ ვუაზა საბჭოს რიგითი წევრები იქნებიან.

მანამდე, ივლისის ბოლოს, ცნობილი გახდა, რომ “თიბისი ბანკის” დმაფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძესთან ერთად ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მენეჯმენტს ტოვებს.

ხაზარაძის თქმით, ამით დამთავრდება სპეკულაცია, თითქოს ისინი ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესს აზიანებენ და მათ გამო კონსორციუმი ინვესტორებისგან საჭირო თანხის შეგროვებას ვერ ახერხებს.

ხაზარაძის ეს კომენტარი იყო პასუხის ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაზე, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამ ეტაპზე ვერ ახერხებს პროექტის პირველი ფაზის განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსების მოძიებას, რითაც რისკის ქვეშ აყენებს სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე პროექტის განხორციელებას.

აღნიშნულ პროცესებს ასევე დაერთო მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ფულის გათეთრების ბრალის წარდგენა 2008 წელს თიბისი ბანკში განხორციელებული ტრანზაქციისთვის. ხაზარაძე და ჯაფარიძე ბრალდებებს უარყოფენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.