ახალი ამბები

გუგუტიანთკარში სამოქალაქო მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას” წარმომადგენლები არ შეუშვეს

16 აგვისტო, 2019 • 1381
გუგუტიანთკარში სამოქალაქო მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას” წარმომადგენლები არ შეუშვეს

გორი რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს, ანტისაოკუპაციო მოძრაობის “რუსეთი ოკუპანტია” წარმომადგენლები არ შეუშვეს.

20-მდე აქტივისტი ქართველმა სამართალდამცველებმა სოფელ მერეთთან არსებულ საგუშაგოსთან გააჩერეს.

“გუგუტიანთკარში არ გვიშვებენ და არც გვიხსნიან რატომ. ამბობენ, რომ ბრძანება აქვთ. მთავარი ის არის, რომ სხვებს უშვებენ – ყველა მანქანა თუ სამარშრუტო ტაქსი გაატარეს, რომელმაც გამოიარა. ჩვენ გამოვიძახეთ პატრული და ვუთხარით, რომ გადაადგილების თავისუფლებას გვიზღუდავენ”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” სალომე ბარკერმა.

სალომე ბარკერი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს გუგუტიანთკარში საპროტესტო აქციის გამართვას და ამბობს, რომ ადგილზე ჩასვლის მიზანია, ადგილობრივებისთვის სოლიდარობის გამოცხადება.

“ჩვენ ვაპირებთ, რომ გავამხნევოთ ეს ადამიანები, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ. ვკითხოთ, რამეში დახმარება თუ შეგვიძლია და მერე ვაპირებდით, კვირას დაგეგმილი ფლიმარკეტი ამ ადამიანებისთვის გაგვეკეთებინა”, – აღნიშნა ბარკერმა.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა პერფორმანსი მოაწყვეს მერეთთან, სადაც საქართველოს დროშა გაშალეს.

გუგუთიანთკარში დღეს არ შეუშვეს ონლაინ მედიის წარმომადგენლებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროში შეზღუდვას უსაფრთხოების ზომებით ხსნიან და ამბობენ, რომ ადგილზე მხოლოდ ტელევეზიებისა და საერთაშორისო მედიის შეშვება გადაწყდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი