ახალი ამბები

ვინ ჩაანაცვლებს პარლამენტში დავით საყვარელიძეს?

16 თებერვალი, 2015 • 1071
ვინ ჩაანაცვლებს პარლამენტში დავით საყვარელიძეს?

გიორგი კახიანმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტა, რომ დავით საყვარელიძე პროპორციული სიით არის არჩეული, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ადგილს პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის მიხედვით, მომდევნო წევრი დაიკავებს.

ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარლამენტის წევრ შოთა მალაშხიას შემდეგ 36-ე ნომრად ეკა ხერხეულიძე წერია. ხერხეულიძეს სიაში ლევან თარხნიშვილი მოსდევს.

გიორგი კახიანი განმარტავს, რომ ეკა ხერხეულიძეს 15–დღიანი ვადა ექნება იმისათვის, რომ წერილობით თანხმობა განაცხადოს.

 

“თუ იგი უარს განაცხადებს პარლამენტის წევრის თანამდებობის დაკავებაზე, ასეთ შემთხვევში უკვე მის შემდგომ ვინც არის სიაში, მასზე გადადის უკვე ეს უფლება,”– განაცხადა კახიანმა.

უკრაინული მედიის ცნობით, დავით საყვარელიძე უკრაინის პროკურორის მოადგილედ დაინიშნა.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საყვარელიძეს პარლამენტში თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ შეუტანია. მისი თქმით, თუ დადასტურდა, რომ საყვარელიძემ დაიკავა თანამდებობა უკრაინის ხელისუფლებაში, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ იგი პარლამენტის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას იკავებს.

კახიანი განმარტავს, რომ დავით საყვარელიძეს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ შეუძლია პარლამენტს მიმართოს განცხადებით, რასაც კომიტეტი 15 დღის განმავლობაში განიხილავს და მანდატს შეუწყვეტს.

 

“მაგრამ თუ მან ასეთი განცხადებით არ მიმართა საქართველოს პარლამენტს, მაშინ პარლამენტი მას შეუწყვეტს უფლებამოსილებას იმ საფუძვლით, რომ მას დაკავებული აქვს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა”– განმარტავს კახიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი