ახალი ამბები

შამუგია: “იმედის” დამფუძნებლებს გასაგები სიგნალი გაეგზავნათ, იმედია მიიღებენ გადაწყვეტილებას

15 აგვისტო, 2019 • 1398
შამუგია: “იმედის” დამფუძნებლებს გასაგები სიგნალი გაეგზავნათ, იმედია მიიღებენ გადაწყვეტილებას

პაატა შამუგია “იმედზე” გასულ ფილმთან დაკავშირებით, რომელიც 2008 წლის აგივსტოს ომის თემაზე მომზადდა და როგორც საზოგადოებაში, ასევე თავად ტელეკომპანიის თანამშრომლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა აცხადებს, რომ ჟურნალისტებისა და რედაქტორების ერთსულოვანი პროტესტით ტელევიზიის დამფუძნებლებს გასაგები სიგნალი გაეგზავნათ და იმედი აქვს, რომ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ:

“იმედიდან წამოსვლა ყველაზე იოლი და მსუბუქი გამოსავალი იქნებოდა. ამაზე დღესაც ვისაუბრეთ. როდესაც ჟურნალისტებისა და რედაქტორების ასეთი ერთსულოვანი და ძალიან ღირსეული პროტესტი ვნახეთ, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ამ ღირსეული ადამიანების მიტოვება და ლალიაშვილისთვის სივრცის მოსუფთავება არ იქნებოდა ყველაზე სწორი საქციელი.

ლალიაშვილს ამწუთას ნულოვანი ლეგიტიმაცია აქვს არხზე, „იმედის“ უკლებლივ ყველა თანამშრომელმა საჯაროდ დაგმო ის, რაც გავიდა ეთერში, შესაბამისად, ტელევიზიის დამფუძნებლებს, მგონი, ძალიან გასაგები სიგნალი გაეგზავნათ და, იმედია, მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. რაც მთავარია, სიგნალი გაეგზავნა ყველას – ის, რომ ამ ქვეყანაში რუსოფილიური განწყობის შექმნა არის შეუძლებელი მისია, სულ ტყუილად აფინანსებს კრემლი თავის აგენტებს, წყალში იყრება ეგ ფული, ძვირფასებო” – წერს შამუგია.

დღესვე, ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა სოციალურ ქსელში ერთი და იმავე შინაარსის ტექსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ამავე ტელეარხის მიერ აგვისტოს ომზე მომზადებული ფილმის “ერთ-ერთ მთავარ ხაზს” ემიჯნებიან.

საქმე ეხება ტელეკომპანია “იმედის” ეთერში 11 აგვისტოს გასულ ფილმს “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს”, რომელშიც 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებში ყოფილი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზეა საუბარი და ნათქვამია, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ომის შედეგად “ლეგიტიმაციის საჭირო ხარისხი მოიპოვა”.

ფილმი კრიტიკის საფუძველი გახდა და საზოგადოების ნაწილმა ტელეკომპანია “იმედი” რუსული ნარატივის გავრცელებაში დაადანაშაულა. მოგვიანებით არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა, რომ ფილმის პროდიუსერი თვითონაა. ლალიაშვილი არ იზიარებს “იმედის” ჟურნალისტების შეხედულებას არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ ფილმი სასარგებლო და დროული იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი