ახალი ამბები

“იმედის” ჟურნალისტების ნაწილი აგვისტოს ომზე მომზადებული ფილმის “მთავარ ხაზს” ემიჯნება

15 აგვისტო, 2019 • 4198
“იმედის” ჟურნალისტების ნაწილი აგვისტოს ომზე მომზადებული ფილმის “მთავარ ხაზს” ემიჯნება

ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტების ნაწილი ფეისბუკზე ინდივიდუალურად აქვეყნებს ერთი და იმავე შინაარსის ტექსტს, სადაც აღნიშნულია, რომ ამავე ტელეარხის მიერ აგვისტოს ომზე მომზადებული ფილმის “ერთ-ერთ მთავარ ხაზს” ემიჯნებიან.

“არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!” – აღნიშნავენ ისინი.

მიმართვები “ფეისბუქზე” გაავრცელეს ჟურნალისტებმა: ნანა ლეჟავამ, ნატა მახვილაძემ, თეა სიჭინავამ, მარიამ ქართველიშვილმა, ნუცა ტრაპაიძემ, სანდრო გამსახურდიამ, ლევან კვატაშიძემ, სოფო ბერიძემ, ვასილ დაბრუნდაშვილმა, ნინო არღვლიანმა, ნანუკა ქაჯაიამ, თამთა ასანიძემ, ლევან ფოჩხუამ, ხათუნა მაისურაძემ, ლევან მორჩიაშვილმა, ანი ბერუკაშვილმა და სხვებმა. სია შესაძლოა არ ასახავდეს ჟურნალისტების სრულ შემადგენლობას და ის პერიოდულად განახლდება.

ჟურნალისტების განცხადებით, აღნიშნილ პოზიციას “ქრონიკის” ყველა ჟურნალისტი იზიარებს, თუმცა იგივე აზრზე არიან სხვა განყოფილებაში მომუშავე ჟურნალისტებიც.

საუბარია ფილმზე, რომელიც “იმედის” ეთერში 11 აგვისტოს გავიდა, სახელწოდებით “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს”. ფილმში 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებში ყოფილი ხელისუფლების პასუხისმგენლობაზეა საუბარი და ნათქვამია, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ომის შედეგად “ლეგიტიმაციის საჭირო ხარისხი მოიპოვა”.

“ამ დიდ ტრაგედიაში გაიმარჯვა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილმა და მისი დანაშაულებრივი რეჟიმის შემოქმედებმა. მათ მიაღწიეს უპირველეს მიზანს – მოიპოვეს ლეგიტიმაციის საჭირო ხარისხი და შეინარჩუნეს ძალაუფლება”, – ნათქვამია ფილმში.

მასალის ძირითადი ხაზი სწორედ ყოფილი მმართველი გუნდის ბრალეულობის განხილვას მიუყვება, ამ ფონზე კი რუსეთის პასუხისმგებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

ფილმი ეთერში გავიდა ისე, რომ არ ჩანდა, ვინ იყვნენ მისი ავტორები, თუმცა მოგვიანებით არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა, რომ ფილმის პროდიუსერი თავად იყო, ხოლო ავტორი 1990 წელს გარდაცვლილი ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი.

“ფილმში მოვლენების მსგავსი ცალმხრივი განხილვა, კონტექსტისა და ფაქტების არასწორად წარმოჩენა პირდაპირ იმეორებს აგვისტოს ომის შესახებ უკვე კარგად ცნობილი რუსული პროპაგანდის ნარატივს, ხელს უწყობს 2008 წლის მოვლენებში რუსეთის როლის გამოცლის პოლიტიკას და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაძლიერებას”, – წერს ფილმზე “მედიაჩეკერი” – პლატფორმა, რომელიც საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებების მუშაობას აკვირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი