ახალი ამბები

ივლისში მგზავრების ნაკადი ქუთაისის აეროპორტში გაიზარდა, თბილისსა და ბათუმში კი შემცირდა

13 აგვისტო, 2019 • 1912
ივლისში მგზავრების ნაკადი ქუთაისის აეროპორტში გაიზარდა, თბილისსა და ბათუმში კი შემცირდა

2019 წლის ივლისში საქართველოს ხუთივე აეროპორტი (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, მესტია, ამბროლაური) 571 848 მგზავრს მოემსახურა, რაც 44 959 მგზავრით ნაკლებია 2018 წლის ივლისის მაჩვენებელთან (616 807 მგზავრი) შედარებით.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, მგზავრების ნაკადის 7.3-პროცენტიანი კლება გამოიწვია 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ. 

ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 384 632 მგზავრს მოემსახურა, რაც დაახლოებით 10 პროცენტით (44 494 მგზავრით) ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის ივლისში თბილისის აეროპორტი 429 126 მგზავრს მოემსახურა. 

ამავე საანგარიშო პერიოდში მგზავრების ნაკადი შემცირდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. 2019 წლის ივლისში ბათუმის აეროპორტის მომსახურებით 100 432-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 10893-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის ივლისში ბათუმის აეროპორტი 111 325 მგზავრს მოემსახურა. 

თბილისისა და ბათუმისგან განსხვავებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების ნაკადის 14-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. 2019 წლის ივლისში აღნიშნული აეროპორტის მომსახურებით 85 738 მგზავრმა ისარგებლა მაშინ, როცა 2018 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 75 372 მგზავრი იყო. ქუთაისის აეროპორტის აეროპორტების გაერთიანების განცხადებთ, მგზავრების ნაკადის სტატისტიკაზე ნაკლები გავლენა მოახდინა რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ, რადგან აღნიშნულ აეროპორტიდან რუსეთის მიმართულებით კვირაში მხოლოდ 2 რეისი სრულდებოდა.  

რეგიონული აეროპორტები

რაც შეეხება მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებს, ისინი 2019 წლის ივლისში ჯამურად 1 046 მგზავრს მოემსახურნენ. 2018 წელს ეს მაჩვენებელი 984 მგზავრი იყო. მესტიის აეროპორტის მომსახურებით 2019 წლის ივლისში 819 მგზავრმა ისარგებლა, რაც 75 მგზავრით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (744 მგზავრი), ხოლო ამბროლაურის აეროპორტმა საანგარიშო პერიოდში 227 მგზავრი გაატარა, რაც 13 მგზავრით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (240 მგზავრი). 

ორი კვარტლის მონაცემები

2019 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირდა მგზავრების ნაკადის ზრდის მნიშვნელოვანი დინამიკა. 2019 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით (იანვარი-ივნისი), საქართველოს ხუთივე აეროპორტი ჯამში  2 486 780 მგზავრს მოემსახურა, რაც 18 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს – 2018 წელს 2 103 126 მგზავრი.  

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2019 წლის იანვარი – ივნისის პერიოდში 1 870 241 მგზავრს მოემსახურა, რაც 195,192 მგზავრით ნაკლებია 2018 წლის 6 თვის მაჩვენებელზე (1 675 049 მგზავრი). 

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წლის იანვარი – ივნისის პერიოდში 247 404 მგზავრს მოემსახურნენ. 2018 წლის 6 თვეში ეს მაჩვენებელი 190 265 მგზავრი იყო (57 139 მგზავრი). 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით 365 267 მგზავრმა ისარგებლა, რაც 130 524 მგზავრით ნაკლებია 2018 წლის 6 თვის მაჩვენებელთან შედარებით (234 743 მგზავრი). 

რაც შეეხება ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტებს – მესტიის აეროპორტი 2019 წლის იანვარი – ივნისში მოემსახურა 3 282 მგზავრს, რაც 612 მგზავრით მეტია 2018 წლის 6 თვის მაჩვენებელთან შედარებით (2670 მგზავრი), ხოლო ამბროლაურის აეროპორტი 2019 წლის 6 თვეში მოემსახურა 586 მგზავრს, რაც 187 მგზავრით მეტია 2018 წლის 6 თვის მაჩვენებელთან შედარებით (399 მგზავრი).   

მიუხედავად ივლისის კლებისა, 2019 წლის 7 თვის ჯამური მონაცემებით, საქართელოს აეროპორტები გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებთ 12%-ით მეტ მგზავრს მოემსახურნენ, თუმცა გასულ წელს ზრდის მაჩვენებელი 18% იყო. 

რუსეთმა საქართველოს ტურისტული ემბარგო ქვეყანაში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციების გამო დაუწესა.

მასალების გადაბეჭდვის წესი