ახალი ამბები

ხალვაშის განცხადებიდან ჩანს, რომ შემდგომი მფლობელი უკვე მოძებნილია – ძველიშვილი

12 აგვისტო, 2019 • 1599
ხალვაშის განცხადებიდან ჩანს, რომ შემდგომი მფლობელი უკვე მოძებნილია – ძველიშვილი

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის ნატა ძველიშვილის შეფასებით, “რუსთავი 2”-ის გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ქიბარ ხალვაშს არ ჰქონია ბიზნესინტერესები ტელეკომპანიის მიმართ და მისი მფლობელობა დროებითი იყო.

“ვფიქრობ, ძალიან მოსალოდნელი იყო ეს ამბავი და ყველაფერი ლოგიკურად ვითარდება. ის, რომ “რუსთავი 2″-ს მძიმე ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა, ცნობილი იყო სტრასბურგის გადაწყვეტილებამდეც და ამისთვის საკმარისი იყო მხოლოდ მარეგულირებელი კომისიის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გადახედვა, სადაც ჩანს, რომ ზაფხულობით დამფუძნებლებს მუდმივად შეჰქონდათ გარკვეული თანხა ტელევიზიაში, რადგან კომპანია საჭიროებდა დამატებით სუბსიდიას. ასევე, საჯაროდ ცნობილი იყო სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანებების  შესახებაც. ამიტომაც ეს სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო ქიბარ ხალვაშისთვის და როცა საჯარო რეესტრში განაცხადი შეჰქონდა სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულებაზე, მზად უნდა ყოფილიყო გარკვეული ინვესტიციების განხორციელებისთვის ამ ტელევიზიაში”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ნატა ძველიშვილმა.

ნატა ძველიშვილი ვარაუდობს, რომ ტელეკომპანიას ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი იყიდის და ამის შემდეგ შეუძლებელი იქნება “რუსთავი 2”-ის, როგორც კრიტიკული მედიის არსებობა.

“ქიბარ ხალვაშის განცხადებიდან ჩანს, რომ შემდგომი მფლობელი უკვე მოძებნილია და ყველაფერი გადაწყვეტილია იმიტომ რომ, შეუძლებელია ამხელა გარიგებაზე გადაწყვეტილება მიიღო 1 კვირაში და ახალმა ადამიანმა, რომელსაც აქამდე არ უფიქრია, რომ ეს ტელევიზია ეყიდა, დღეს გადაწყვიტოს, რომ ერთ კვირაში გააფორმოს ამდენმილიონიანი გარიგება”, – ამბობს ნატა ძველიშვილი.

დღეს, 12 აგვისტოს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ამჟამინდელმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ სამაუწყებლო კომპანიის გაყიდვას გეგმავს.

ქიბარ ხალვაში “რუსთავი 2-ს” ყიდის

მასალების გადაბეჭდვის წესი