ახალი ამბებისამართალიხელოვნება

პოლიცია რომ გამოგვეძახა, საპატრიარქოსთან უხერხულობა წარმოიშობოდა – სააგენტო ყინწვისზე

11 აგვისტო, 2019 • 9689
პოლიცია რომ გამოგვეძახა, საპატრიარქოსთან უხერხულობა წარმოიშობოდა – სააგენტო ყინწვისზე

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მიმდინარე კვირაში აუცილებლობის სახით ზედამხედველობის სამსახური კიდევ ერთხელ ჩავა ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის შესამოწმებლად და თუ დადგინდება სასულიერო პირების მხრიდან დაწყებული უნებართვო სამუშაოების შედეგად რომელიმე კულტურული ღირებულებების მქონე ფრაგმენტზე დაზიანების კვალი, იმსჯელებენ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაზე, რომელიც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი ჯერ არ შეუმოწმებიათ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს, რადგან მღვდლებმა ისინი არ შეუშვეს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მყარადაა დარწმუნებული, რომ სასულიერო პირების მიერ დაწყებული “სარეაბილიტაციო” სამუშაოები არ შეეხებოდა ტაძრის კულტურული ღირებულებების მატარებელ ფრაგმენტებს.

  • რატომ არ მამართა შსს-ს სააგენტომ, როცა მღვდლებმა ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს კანონიერი უფლება შეუზღუდეს და დაჯარიმდებიან თუ არა სასულიერო პირები ტაძრის შესაძლო დამახინჯებისთვის?

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ბექა ბარამიძის განმარტებით, პოლიცია რომ გამოეძახათ და ამით მიეღწიათ იმისთვის, რომ დაეშვათ ტაძრის ტერიტორიაზე ზედამხედველობის სამსახური იქ მიმდინარე პროცესების ადგილზე შესამოწმებლად, ეს გარკვეულწილად წარმოშობდა უხერხულ მომენტებს საქართველოს საპატრიარქოსთან, რომელთანაც სახელმწიფო კონსტიტუციური შეთანხმებით თანამშრომლობს.

ბექა ბარამიძის კომენტარი - დააკლიკეთ

“მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი კანონდარღვევაა, ხოლო მიმდინარე სამუშაოები არის უნებართვო და აბსოლუტურად შეუსაბამო ტაძრის კულტურულ ღირებულებებთან, გამომდინარე იქიდან, რომ ის ეხება იატაკის მოწყობას და გაკეთებულია საბჭოთა დროს, 70-იან წლებში დაგებულ ქვის იატაკზე, რომელიც დიდი ალბათობით შეუსაბამოდ განხორციელდა (არ არსებობს არქივებში არქეოლოგიური კვლევის მასალები და ამის გამო, ვვარაუდობთ, რომ არც მაშინ შეუსწავლიათ ყინწვისის ინტერიერი. ის, რომ არქეოლოგიური შესწავლა თან უნდა ახლდეს ასეთი ტიპის სამუშაოებს, არის ერთმანეთისგან განუყოფელი ნაწილი), ამ შემთხვევაში, ჩვენ ახლადდაგებულ იატაკს განვიხილავთ ასე: ფიზიკური ზიანი, დაზიანების კვლავი თვითონ ტაძარზე ამ სამუშაოების შედეგად არ დამდგარა. ერთობლივმა საბჭომ და საბჭოს ყველა წევრმა დაადასტურა, რომ იქ დაზიანების კვალი არ არის… ისეთი, როგორიც არის – კედლის მხატვრობა და სხვა კულტურული ნიშნის მახასიათებლებსა თუ ელემენტებს. უბრალოდ, [დაგებული იატაკის] ფერი, ქვის მასალა და წყობა – ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად შეუსაბამო ეროვნული კატეგორიის ძეგლის ინტერიერთან და მის კულტურულ ღირებულებებთან. შესაბამისად, ეს სამუშაოები ექვემდებარება მის პირვანდელი იერსახის აღდგენას. ამ შემთხვევაში, როდესაც არ არის ნიშნები იმისა, რომ ფიზიკური დაზიანება ეკლესიისა გამოიკვეთოს, სისხლის სამართლის პასუხისგების ნიშნები არ იკვეთება. შესაბამისად, ჩვენ არც თავიდან და არც ახლა ამ ღონისძიებას არ ვგეგმავთ.

მიუხედავად ამისა, მაშინ, როდესაც ჩვენ უკვე დაზუსტებით ვიცოდით, რომ ეს სამუშაოები მიმდინარეობდა და ცხადია ამის შესახებ ვაცნობეთ საკულტო ნაგებობის მესაკუთრეს, საქართველოს საპატრიარქოს, მაშინვე შევთანხმდით ამ ინსტიტუციასთან, რომ ერთობლივი საბჭოების დასკვნის შედეგად შეგვეფასებინა მომხდარის გავლენა ზოგადად ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე; ეს ცალსახად შეფასდა დარღვევად და უნებართვოდ მიმდინარე სამუშაოებად როგორც საპატრიარქოს, ასევე კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთან – სარეაბილიტაციო პროცესი, რომელიც აბსოლუტურად შეუსაბამო და უნებართვო იყო. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა და საფუძველი სამართლებრივი, რომ ვიმსჯელოთ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართლებრივ პასუხისმგებლობის დადგომაზე.

ეს ზოგადად არის ცალკე პოლიტიკური მდგენელი, ვინაიდან კონსტიტუციური შეთანხმება სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის ითვალისწინებს ამ კუთხით, ამ ორი უწყების თანამშრომლობას. ყველასთვის ცხადია, რომ მიმდინარეობს ეს თანამშრომლობა. ეს დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებაზე, რომ ამ კონტექსტში გააგრძელოს ურთიერთობა. ცხადია, ჩვენ რომ პოლიცია გამოგვეძახა და ამით მიგვეღწია იმისთვის, რომ დაეშვათ ზედამხედველობის სამსახური ტაძარში იმისთვის, რომ ადგილზე ენახა, რა პროცესები მიმდინარეობდა, ეს გარკვეულწილად წარმოშობდა უხერხულ მომენტებს ამ ინსიტუციასთან თანამშრომლობის. ამდენად ჩვენ მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეცნობებინა საქართველოს საპატრიარქოსთვის, რომელიც ასევე საქმის კურსში იყო უკვე, თუმცა ისიც დაგვიანებით და არა თავის დროზე. ეს ქმედებები საპატრიარქომაც დაგმო და ჩვენი პოზიციაც იცით, ცხადია. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ ესეთი ტიპის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაზე მას შემდეგ, რაც ინსპექციის სამსახურის თანამშრომლები კიდევ ერთხელ ნახავენ ამ სამუშაოების პროცესს და მთელ მის მიზეზშედეგობრივებას, შესაძლებელია ვიფიქროთ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის განსაზღვრაზე და ასეთი ფაქტები სააგენტოს პრაქტიკაში არსებობს, როდესაც სასულიერო პირებს დაეკისრათ მსგავსი ტიპის პასუხისმგებლობები. თუმცაღა, ჩვენ მაინც პრიორიტეტულად მივიჩნევთ იმას, რომ საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით მივაღწიოთ და შევჯერდეთ იმ პოზიციაზე, რომ ჩატარებული სამუშაოები აუცილებლად საჭიროებს დემონტაჟს; იატაკი არის ასაყრელი აუცილებლობის პირობით. თუკი შევჯერდებით იმაზეც, რომ საქართველოს საპატრიარქოც ფიქრობს იმაზე”.

 

ნეტგაზეთმა დამატებითი კომენტარისთვის საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელთან, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძესთან დაკავშირება სცადა, რომელმაც მოკლეტექტური შეტყოვინებით გვიპასუხა: “ახალს ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რაც უკვე ვთქვი”.

გუშინ, 10 აგვისტოს, დეკანოზმა ჯაღმაიძემ Imedinews-სს განუცხადა, რომ “დაზუსტებით ჯერ არ შეუძლია იმის თქმა, რა ქმედებები იქნება საპატრიარქოს მხრიდან”.


10 აგვისტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ყინწვისის ტაძარში მარმარილოს ახალი იატაკის დაგება “თვითნებობად და უკანონობად” შეაფასა. ამასთანავე, სახელმწიფო უწყებამ აღიარა, რომ მათ იცოდნენ უკანონო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ, თუმცა ადგილობრივ მღვდლებს ხელი ვერ შეუშალეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დამახინჯებაში.

სააგენტოს განცხადებთ, “სახელმწიფო ინსტიტუციებისა და სათანადო სარესტავრაციო მეთოდოლოგიის აბსოლუტური უგულველყოფით შესრულებული სამუშაოები სრულ წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ძეგლთა დაცვით პრინციპებთან. ის უხეშად ხელყოფს ზოგადეროვნულ ფასეულობას და მნიშვნელოვან აზიანებს კულტურულ მემკვიდრეობას.”

ფოტოები იხილეთ ამ მასალაში:

სააგენტო აღიარებს, რომ მღვდლებს ყინწვისის დამახინჯებაში ხელი ვერ შეუშალა

მასალების გადაბეჭდვის წესი