საქართველოს პროკურატურამ რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორისთვის, ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა გირაოს შეფარდება 80 ათასი ლარის ოდენობით. ასევე, როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს უთხრა, ისინი მოითხოვენ, ნიკა გვარამიას სამართალდამცავი უწყების ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე აეკრძალოს ქვეყნიდან გასვლა.
პროკურორის თქმით, გამოძიება სხვადასხვა ეპიზოდებთან და სხვადასხვა გადარიცხვასთან დაკავშირებით გრძელდება.
ნიკა გვარამიას თქმით, ის არ დათანხმდება არანაირი აღკვეთის ღონისძიებას, გარდა პატიმრობისა. როგორც ის ამბობს, არ აპირებს გადაიხადოს გირაო და ასევე არ დაემორჩილება შინაპატიმრობის წესებს და პროკურატურას მისი დაპატიმრება მოუწევს.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რუსთავი 2-ისა და სარეკლამო კომპანია “ინტერმედიის” საქმეზე არხის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ბრალი 9 აგვისტოს წაუყენა.
პროკურატურა ირწმუნება, რომ ნიკა გვარამიამ შპს ინტერმედიას მიანდო რუსთავი 2-ის სარეკლამო დროის გაყიდვა და რამდენიმე მილიონით აზარალა ტელეარხი.