ახალი ამბები

კამპანიის “იცურე მშვიდად” ფარგლებში მოსწავლეები თბილისის ზღვაზე აქციას გამართავენ

9 აგვისტო, 2019 • 1275
კამპანიის “იცურე მშვიდად” ფარგლებში მოსწავლეები თბილისის ზღვაზე აქციას გამართავენ

კამპანიის „იცურე მშვიდად“ ფარგლებში ხვალ, 10 აგვისტოს, 09:00-დან 11:00 საათამდე, CENN-ის საზაფხულო მწვანე ბანაკის მონაწილე მოსწავლეები თბილისის ზღვაზე ე.წ. ჩანჩქერთან, სადაც თბილისის წყალსაცავს მდინარე არაგვი უერთდება, აქციას გამართავენ.

აქცია დაიგეგმა ბულაჩაურის მწვანე ცენტრის საზაფხულო ბანაკში ნიკო კეცხოველის პრემიის მონაწილე მოსწავლეების მიერ, რომლებიც უერთდებიან კამპანიას „იცურე მშვიდად“. თბილისის ზღვაზე საზაფხულო ბანაკის მონაწილეებმა 30 ივნისსაც გამართეს აქცია-პერფორმანსი – ადგილზე არსებულ დაზიანებულ კონსტრუქციაზე მოაწყვეს ბანერი გამაფრთხილებელი წარწერით, რომელიც მოქალაქეებს მიუთითებს ამ ადგილაზე არსებული სასიკვდილო საფრთხის შესახებ.

“თბილისის ზღვაზე, სადაც მოსწავლეთა აქცია იმართება, წლების განმავლობაში რამდენიმე ადამიანია დამხრჩვალი, მათ შორის – ბავშვები. ამის მიუხედავად, თბილისის მერია ჯიუტად არ ამონტაჟებს გამაფრთხილებელ ბანერებს. დღემდე არ აღსრულებულა 24 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც დაკმაყოფილდა ორი დაზარალებული ოჯახის ადმინისტრაციული სარჩელის მოთხოვნები და მერიას თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე, გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟება დაევალა. მერიას ასევე ევალება არხის ზოლზე 2.5 მეტრის სიმაღლის კედლის მოწყობა, რათა მასზე გადასვლა ვეღარ შეძლონ” ,- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ნიკო კეცხოველის პრემიის მონაწილე მოსწავლეთა ხვალიდელი აქციის ადრესატები კვლავ არიან, ერთი მხრივ, მოქალაქეები, რომლებიც ამ ადგილის საშიშროების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ, მეორე მხრივ კი, თბილისის მერია, რომელიც პასუხისმგებელია ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაზე.

CENN-ის საზაფხულო მწვანე ბანაკი ხორციელდება „ავსტრიის თანამშრომლობა – განვითარებისთვის” (Austrian Development Cooperation) ფინანსური მხარდაჭერით. კამპანიას „იცურე მშვიდად” მხარს უჭერს ღია საზოგადოების ფონდი.

მასალების გადაბეჭდვის წესი