ახალი ამბებისამართალი

ნამდვილადაა დანაშაულის ნიშნები – სალია გვარამიასთვის ბრალის წარდგენაზე

9 აგვისტო, 2019 • 3979
ნამდვილადაა დანაშაულის ნიშნები – სალია გვარამიასთვის ბრალის წარდგენაზე

ნამდვილად არის დანაშაულის ნიშნები, – ასე ეხმაურება რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, პაატა სალია პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას.

პაატა სალიას განცხადებით, საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ კომპანიის ინტერესების საზიანო გარიგება არის დადებული.

“ის გარემოებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ, რომ კომპანიის კუთვნილი თანხები, ვგულისხმობ, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი თანხები აკუმულირდებოდა სხვა კომპანიაში, შემდგომ ამ სხვა კომპანიის მიერ ხდებოდა უძრავი ქონების შეძენა, რომელიც გადაეცემოდა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დირექტორს. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ კომპანიის ინტერესების საზიანო გარიგება არის დადებული. შესაბამისად, კვალიფიკაციაც და საბოლოოდ, დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი, ამასთან დაკავშირებით დაადგენს სასამართლო, მე ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ.

მე შემიძლია ვთქვა, რომ აქ ნამდვილად არის დანაშაულის ნიშნები. ზუსტად კონკრეტულ თანხასთან დაკავშირებით მე ასე ვერ გეტყვით; კონკრეტული თანხების გაანგარიშება რა საფუძველზე მოხდა, როგორ მოხდა… თუმცა უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ინფორმაცია მეც მქონდა, რადგან ეს არის საჯარო, განთავსებულია საჯარო რეესტრში, ინტერმედიის მიერ კონკრეტული თანხების არგადმორიცხვის შედეგად თუ სხვა გარემოებების შედეგად. ფაქტია, რომ ინტერმედიას საკუთრებაში ჰქონდა უძრავი ქონება, რომელიც გადაცემულია შემდგომ სხვა პირისთვის”, – განაცხადა რუსთავი 2-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა.


დღეს, 9 აგვისტოს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რუსთავი 2-ის საქმეზე არხის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა.

პროკურატურა ირწმუნება, რომ ნიკა გვარამიამ შპს ინტერმედიას მიანდო რუსთავი 2-ის სარეკლამო დროის გაყიდვა და რამდენიმე მილიონით აზარალა ტელეარხი.

გარდა ამისა, პროკურატურის განცხადებით, ინტერმედიამ გვარამიას გადასცა ორი ბინა ვაკეში, რომელიც გვარამიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტად გაყიდა.

ბრალის წარდგენის შემდეგ საგამოძიებო უწყება სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით.


ნიკა გვარამიამ მის წინააღმდეგ ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით სამარცხვინო უწოდა და განაცხადა, რომ “კორუფცია არის თემა, რომელთან შედარებით უმძიმესი დანაშაულები ემსუბუქება”. როგორც გვარამია წერს, “ეს არის მისი წითელი ხაზი, რაც ბიძინა ივანიშვილმა მეორედ გადაკვეთა”.

ასეთ სამარცხვინობას ნამდვილად არ ველოდი – გვარამია მისთვის ბრალის წარდგენაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი