ახალი ამბები

სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას და საარჩევნო ადმინისტრაციის უზურპაციას მხარს არ დავუჭერთ – ენმ

6 აგვისტო, 2019 • 1032
სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას და საარჩევნო ადმინისტრაციის უზურპაციას მხარს არ დავუჭერთ – ენმ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მხარს დაუჭერს პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს და არა საარჩევნო კოდექსში ინცირებულ ცვლილებებს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განუცხადა.

ენმ-ის წევრის თქმით, მმართველი გუნდის მიერ საარჩევნო კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებს უამრავი ხარვეზი აქვს, რომელთა შორის უმთავრესია გამოხატვის თავისუფლების რეგულირება და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი.

“ამჟამინდელი ფორმულირებით უამრავი ძალიან ფუნდამენტური პრობლემაა აღნიშნულ კანონონპროექტში, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების ფაქტობრივი აკრძალვა. ასევე, პრობლემურია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, რომელიც, ჩვენ ვფიქრობთ, პარიტეტზე უნდა იყოს დაფუძნებული და ხელისუფლებას საარჩევნო ადმინისტრაციის პირდაპირი კონტროლის შესაძლებლობას არ უნდა აძლევდეს. თუმცა ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ მოლაპარაკებებში მივიღოთ შინაარსობრივად მონაწილეობა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ჩვენი წუხილები და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციები. თუ ამ პოზიციების გაზიარება არ მოხდა და ამ ფორმით გაიტანს ხელისუფლება ამ კანონპროექტს პარლამენტში, ბუნებრივია, თუნდაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას და საარჩევნო ადმინისტრაციის უზურპაციის დაკანონებას ჩვენ მხარს ნამდვილად ვერ დავუჭერთ”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

“ქართული ოცნების” მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტით, ცესკო-ს 5 წევრს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს პარლამენტი, ხოლო 7 წევრს ნიშნავენ პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ საპარლამენტო არჩევნებში. პარტიების მიერ ცესკო-ს წევრების დანიშვნისას პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 7-ზე და იყოფა ამ პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობის ჯამზე.

რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებათან დაკავშირებულ რეგულაციებს, კერძოდ, კრიტიკის საფუძველი გახდა პოლიტიკური რეკლამის შინაარსის თვალსაზრისით დაწესებული რეგულაციები და წინასაარჩევნო რეკლამის კანონით დადგენილი ვალდებულებების დარღვევით განთავსების გამო მედიის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილებებით, “საარჩევნო პროგრამა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი მოწოდება/განცხადება/ქმედება, არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, სიძულვილის ენასა და ქსენოფობიურ განცხადებებს”.

ამასთან, “დაუშვებელია ერთი საარჩევნო სუბუექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში ისეთი სარეკლამო რგოლის მომზადება და მაუწყებელთა მიერ მათი განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება. საარჩევნო სუბიექტის რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სხვა საარჩევნო სუბიექტის რეკლამის ელემენტებს. ანტირეკლამა არ უნდა აღემატებოდეს სარეკლამო რგოლის 25%-ს”.

მაუწყებელს ეკრძალება, განათავსოს ტელევიზიისა და რადიოს ეთერში ისეთი წინასაარჩევნო რეკლამა, რომლის შინაარსიც აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის კანონით დადგენილი ვალდებულებების დარღვევით განთავსება “გამოიწვევს შესაბამისი საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის საშუალების დაჯარიმებას ამ რეკლამისთვის განსაზღვრული ტარიფის ორმაგი ოდენობით”.

ბოკუჩავა აღნიშნულს ცენზურის დაკანონებას უწოდებს.

“არის ძალიან ხისტი რეგულაციები, რომელოც ცდილობს, პარტიებს შეუზღუდოს საკუთარი საარჩევნო რეკლამის შინაარსი, რადგან პარტიამ თავად უნდა გადაწყვიტოს, სურს პოზიტიური რეკლამა თუ ნეგატიური, საკუთარი თავის წარმოჩენა თუ ოპონენტზე ინფორმაციის გაჟღერება”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

საარჩევნო ცვლილებები პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ 5 აგვისტოს წარმოადგინა. ნახეთ დეტალურად:

10 საარჩევნო ცვლილება, რომელსაც ხელისუფლება გეგმავს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი