ახალი ამბები

თამთა მურადაშვილის თქმით, რ2-დან გაათავისუფლეს

5 აგვისტო, 2019 • 2208
თამთა მურადაშვილის თქმით, რ2-დან გაათავისუფლეს

“რუსთავი2”-ის იურისტის, თამთა მურადაშვილის თქმით, ტელეკომპანიაში დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

როგორც მურადაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, დღეიდან შვებულება ჰქონდა აღებული, რაზეც პაატა სალიას თანხმობაც არსებობდა. თუმცა, მისი თქმით,  დღეს “რუსთავი2”-ის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან შეტყო, რომ ახალმა დირექტორმა სამსახურიდან დაითხოვა.

“პარასკევს ოფიციალურად ავიღე შვებულება. დღეიდან გამოვდიოდი. პარასკევს უკვე მქონდა პაატა სალიას დასტური, რომ 1 თვით გამოვდიოდი შვებულებაში და დღეს შვებულებაში ვარ უკვე. მაგრამ დაახლოებით 1 საათის წინ მივიღე HR-სგან წერილი, რომ პაატა სალიამ უარი თქვა ჩემს შვებულებაზე და თან გამათავისუფლა სამსახურიდან, ხელშეკრულება შეწყვიტა დღევანდელი თარიღით”, – აცხადებს მურადაშვილი.

მისივე თქმით, აპირებს, დღის ბოლოს ტელეკომპანიაში მივიდეს და დოკუმენტაცია ოფიციალურად ჩაიბაროს.

“ნეტგაზეთი” საკითხთან დაკავშირებით პაატა სალიასთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მან სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

გასულ კვირას “რუსთავი 2” იურისტმა დიმიტრი საძაგლიშვილმა დატოვა და აღნიშნა, რომ ამჟამად ნიკა გვარამიას ადვოკატია. თამთა მურადაშვილი ამბობდა, რომ კომპანიაში იქამდე აპირებდა დარჩენას, სანამ ჟურნალისტებს შეიძლება დასჭირებოდათ. მანამდე, ტელეკომპანიის ძველი მენეჯმენტის პირობებში, მურადაშვილი და საძაგლიშვილი სტრასბურგში “რუსთავი 2”-ის საქმეზე სახელმწიფოს წინააღმდეგ დავობდნენ.

არ მინდა რუსთავი 2 ისე დამიბრუნდეს, კითხვის ნიშანი დარჩეს – ინტერვიუ დავით დვალთან

მასალების გადაბეჭდვის წესი