ახალი ამბები

იურისტმა დიტო საძაგლიშვილმა რ2 დატოვა

2 აგვისტო, 2019 • 2086
იურისტმა დიტო საძაგლიშვილმა რ2 დატოვა

იურისტმა დიტო საძაგლიშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2 დატოვა. ამის შესახებ დღეს მან ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა, სადაც გამოკითხვაზე ნიკა გვარმია იმყოფებოდა.

საძაგლიშვილის თქმით, ის ამჟამად გვარამიას ადვოკატია.

“ეს გადაწყვეტილება მიღებული მაქვს მას შემდეგ, რაც კომპანიაში დირექტორი და დამფუძნებული შეიცვალა. ეს პოზიცია ბუნებრივია, ვინაიდან მე სასამართლოზე ვამტკიცებდი, რომ ხალვაში არხის მესაკუთრე არ იყო და დღესაც ამ პოზიციაზე ვდგავარ. ამ მოვლენებმა [გვარამიას გამოკითხვა] დააჩქარა პროცესი. დავტოვე რ2 და დღეს უკვე ნიკა გვარამიას ადვოკატის სტატუსით ვიყავი სასამართლოში”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

საძაგლიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოსა და სტრასბურგის სასამართლოში რ2-ის ინტერესებს იცავდა ჯერ ქიბარ ხალვაშის, ხოლო შემდეგ- სახელმწიფოს წინააღმდეგ მეორე იურისტ თამთა მურადაშვილთან ერთად. ნეტგაზეთს თამთა მურადაშვილმა უთხრა, რომ ის დღეს 1-თვიან შვებულებაში გადის და ჯერჯერობით არხზე რჩება იქამდე, სადამდეც ჟურნალისტებს შეიძლება დასჭირდეთ. შემდეგ კი მიიღებს გადაწყვეტილებას.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიება დაიწყეს “რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე”.

საგამოძიებო უწყების განცხადებით, მათი შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები რუსთავის 2-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერმედია“ და „ინტერმედია პლუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის ყოფილმა მფლობელმა ნინო ნიჟარაძემ პოროკურატურაში საჩივარი მიმდინარე წლის ივლისში, სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე შეიტანა. ნიჟარაძემ, ისევე როგორც ტელეკომპანიის სხვა მეწილეებმა, ტელეკომპანიაში თავისი წილი სრულად დაკარგა სტრასბურგის 18 ივლისის გადაწყვეტილების შედეგად. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ძალაში დარჩა ქართული სასამართლოების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშის საკუთრებაა.

ნიკა გვარამია ნიჟარაძის განცხადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას ხელისუფლების მიერ მის მიმართ წარმოებულ დევნას უკავშირებს და ამბობს, რომ უდანაშაულოა, თუმცა დაკავებას არ გამორიცხავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი