ახალი ამბები

“ევროპული საქართველო” “ოცნების” ცვლილებებს მხარს დაუჭერს, თუმცა საკუთარი წინადადებებიც აქვს

5 აგვისტო, 2019 • 1590
“ევროპული საქართველო” “ოცნების”  ცვლილებებს მხარს დაუჭერს, თუმცა საკუთარი წინადადებებიც აქვს

“ევროპული საქართველო” მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო ცვლილებებს მხარს დაუჭერს, თუმცა საკუთარი წინადადებებიც აქვს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ განუცხადა.

“ევროპული საქართველო” ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აფიქსირებს, რომ წარმოდგენილი ვარიანტი, რომელიც ეხება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, არის ჩვენთვის მისაღები და საპარლამენტო გუნდის სრული შემადგენლობით მხარს დავუჭერთ ამ ვარიანტს, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს გარკვეული წინადადებები, თუ როგორ შეიძლება ეს პროექტი გაუმჯობესდეს და დაიხვეწოს”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

მაგალითად, კახიძის აზრით, დაშვებული უნდა იყოს საარჩევნო ბლოკები და მისი აკრძალვის არანაირი რაციონალური ახსნა არ არსებობს.

“რაც შეეხება მთლიანობაში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, “ევროპულ საქართველოს” აქვს თავისი წინადადებები, რომლებიც ეხმიანება ეუთო-ს რეკომენდაციებს. პირველ რიგში, ეს ეხება საარჩევნო უბნების ირგვლივ შეკრების შეზღუდვას, რომ მოქალაქეების კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებისგან შევიწროების საშუალება აღარ იყოს და ამომრჩეველი არასათანადო გავლენისგან დაცული იყოს; ასევე, კენჭისყრის დღეს უშუალოდ საარჩევნო უბანზე მობილური ტელეფონებით შესვლა და კაბინაში სურათის გადაღება უნდა იყოს შეზღუდული; აიკრძალოს სოციალური დახმარების მოხსნა არჩევნებამდე 6 თვით ადრე და არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ, რათა მმართველ პარტიას არ ჰქონდეს ბერკეტი, ადამიანების სიღარიბე მათი ნების შესაზღუდად გამოიყენოს”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

დეპუტატის აზრით, მიუხედავად იმ მეთოდებისა, რომელიც მმართველმა პარტიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოიყენა, “ივანიშვილის დამარცხება გარდაუვალია”.

10 საარჩევნო ცვლილება, რომელსაც ხელისუფლება გეგმავს

მასალების გადაბეჭდვის წესი