ახალი ამბები

პარლამენტის საფეხბურთო გუნდმა ყვარელის მუნიციპალიტეტის გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა

3 აგვისტო, 2019 • 968
პარლამენტის საფეხბურთო გუნდმა ყვარელის მუნიციპალიტეტის გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, პარლამენტის საფეხბურთო გუნდი ყვარელის მუნიციპალიტეტს ესტუმრა და ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პარლამენტის ცნობით, სპორტული ღონისძიების გამართვა ილიაობის დღესასწაულს დაემთხვა, რომელიც 2 აგვისტოს ყვარელში განსაკუთრებით აღინიშნება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტის პოპულარიზაცია. ფეხბურთი საქართველოში გამორჩეული სპორტის სახეობაა და მოხარული ვარ რომ საშუალება გვეძლევა დღეს შევხვდეთ ადგილობრივებს. იმედი მაქვს გაგრძელდება ეს სპორტული ტრადიცია და ჩვენ პატარა წვლილს შევიტანთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში“, – აღნიშნა პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას ალტერნატივა არ აქვს და აღნიშნული საფეხბურთო შეხვედრა სწორედ ამ თემის პოპულარიზაციას ეხება.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, პარლამენტის წევრებს, ერთგვარი ტრადიცია გვაქვს, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეეხება და ამ მიზნით ხშირად ჩავდივართ რეგიონებში. დღევანდელი ჩვენი ყვარელში სტუმრობაც ამ მიზანს ემსახურება, რათა ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პარლამენტის საფეხბურთო გუნდსა და ყვარელის მუნიციპალიტეტის გუნდს შორის გამართული საფეხბურთო მატჩი, ფრედ – 3:3 დასრულდა. მსგავსი სპორტული აქტივობების გამართვას პარლამენტის საფეხბურთო გუნდი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი