ახალი ამბები

ლაშა ჟვანია ისრაელში საქართველოს ელჩი იქნება

2 აგვისტო, 2019 • 2121
ლაშა ჟვანია ისრაელში საქართველოს ელჩი იქნება

ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ლაშა ჟვანია დაინიშნა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბოლოს ჟვანიას საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ეკავა. მანამდე პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი იყო.

პირველ მაისს ჟვანიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ  პატრიარქის ფონდში ბრუნდებოდა.

  • ლაშა ჟვანია ედუარდ შევარდნაძისა და შემდეგ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში რამდენიმე მაღალ თანამდებობას იკავებდა.

2002–2003 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო. ამავე პერიოდში იყო საქართველოს ანტიკორუფციული საბჭოს მუდმივი წევრი.

2003 წლის ნოემბრიდან ლაშა ჟვანია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, სალომე ზურაბიშვილის მოადგილე იყო. 2005 წლის მარტიდან დაინიშნა საქართველოს ელჩად ისრაელსა და კვიპროსში. 2008 წლის ივნისიდან ლაშა ჟვანია საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. 2008 წლის 10 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრად დაინიშნა, საიდანაც 2009 წლის 21 აგვისტოს გაათავისუფლეს.

ამავე თემაზე

ლაშა ჟვანიას ქონება და ბიზნესი

მასალების გადაბეჭდვის წესი