ჰესის ნგრევა ინგლისში. ფოტო: BBC

ინგლისში, დერბის საგრაფოს პატარა ქალაქ უეილი ბრიჯში ევაკუაციაა გამოცხადებული. მიზეზი კაშხლის კედლის ნაწილობრივი ჩამონგრევაა, რის შემდეგაც წყალდიდობისა და ქალაქის დატბორვის საფრთხე შეიქმნა.

შემთხვევა ქალაქში გუშინ, პირველ აგვისტოს მოხდა. ძლიერმა წვიმამ და წყალდიდობამ  კაშხლის კედლის ნაწილის ნგრევა გამოიწვია. პოლიციამ მოქალაქეებს მოუწოდა, სახლები დაეტოვებინათ და საევაკუაციო პუნქტში – ადგილობრივ საშუალო სკოლაში გადაენაცვლათ. ხალხი ასევე გააფრთხილეს, თან წაეყვანათ შინაური ცხოველები და წაეღოთ მედიკამენტები, რადგან ბუნდოვანი იყო, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა კედლის აღდგენის პროცესი.

BBC დიდი ბრიტანეთის გარემოს სააგენტოზე დაყრდნობით წერს, რომ ქალაქის მოსახლეობის 85%-მა საკუთარი სახლები უკვე დატოვა. პოლიციის ცნობით, თავად რისკის ზონიდან 1 000 ადამიანი გაიყვანეს, არაერთმა კი საცხოვრებლები საკუთარი ძალებით დატოვა და ნათესავებთან გადავიდა.

რისკის ზონაში დაიკეტა გზები. გაჩერებულია ქალაქის გარშემო არსებული რკინიგზის ხაზებიც.

ინციდენტის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. პროცესში ჩაერთო სამეფო საჰაერო ძალების ვერტმფრენიც, რომელმაც ნგრევის ადგილას ტომრებში მოთავსებული 400 ტონა მასალა ჩამოყარა წყლის შეკავების მიზნით.

პოლიციის ცნობით, გეგმა ყველა სცენარისათვის არსებობს. მათ შორისაა კაშხლის სრულად ჩამონგრევა, რომელიც 1.3 მილიონ ტონა წყალს აკავებს.

გარეკნის ფოტო: BBC