ახალი ამბები

უეილი ბრიჯში დატბორვის საფრთხე მოიხსნა – მოქალაქეები სახლებში დაბრუნდნენ

9 აგვისტო, 2019 • 930
უეილი ბრიჯში დატბორვის საფრთხე მოიხსნა – მოქალაქეები სახლებში დაბრუნდნენ

ინგლისის ქალაქ უეილი ბრიჯის მოქალაქეებს, რომლებსაც სახლები იქვე მდებარე კაშხლის კედლის ჩამონგრევის გამო 1 კვირის წინ დაატოვებინეს, საცხოვრებლებში დაბრუნების უფლება მიეცათ. BBC-ის ცნობით, ძლიერი წვიმის შემდეგ რეზერვუარის დაზიანების ფონზე დაახლოებით 1 500 ადამიანი იყო ევაკუირებული.

გასული დღეების მანძილზე ქალაქში სამაშველო სამსახურები მუშაობდნენ, რათა ჩამონგრეული კედელი აღედგინათ და წყლის დონე დაეწიათ. დერბიშირის პოლიციის თქმით, ეს “უპრეცედენტო კრიზისი” იყო, თუმცა, უწყების ცნობით, საფრთხე უკვე მოიხსნა.

ბრიტანეთის გარემოს სააგენტოს ცნობით, ინსპექტირება კვლავ გაგრძელდება, რადგან ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი სამუშაოებია გასაწევი გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ქალაქის დატბორვის რისკის განეიტრალების შემდეგ მოქალაქეების სახლებში დაბრუნების პროცესს თან ახლდა ემოციები. როგორც BBC წერს, მოქალაქეების ნაწილი ცრემლებს ვერ იკავებდა, ზოგიერთმა მათგანმა კი სახლების ღობეებზე პოლიციისა და სამაშველო სამსახურებისადმი სამადლობელი ბანერები განათავსა.

უეილი ბრიჯში კაშხლის კედელი ძლიერი წვიმების შემდეგ, პირველ აგვისტოს ჩამოინგრა, რამაც ქალაქსა და მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. ამის გამო ქალაქის მოსახლეობის ნაწილი პოლიციამ რისკის ზონიდან გაიყვანა, არაერთმა კი საცხოვრებლები საკუთარი ძალებით დატოვა და ნათესავებთან გადავიდა.

ინციდენტის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ. პროცესში ჩართული იყო სამეფო საჰაერო ძალების ვერტმფრენიც, რომელმაც ნგრევის ადგილას ტომრებში მოთავსებული ასობით ტონა მასალა ჩაყარა წყლის შეკავების მიზნით.

ფოტო გარეკანზე: PA MEDIA

მასალების გადაბეჭდვის წესი