ახალი ამბები

ისრაელში კარანტინის გამკაცრება იგეგმება

24 სექტემბერი, 2020 • 1095
ისრაელში კარანტინის გამკაცრება იგეგმება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გუშინ, 23 სექტემბერს, ისრაელში, სულ მცირე, ორკვირიანი გამკაცრებული საყოველთაო კარანტინი დააანონსა. მისი თქმით, კარანტინი 25 სექტემბრიდან დაიწყება და 10 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press ავრცელებს.

“კარანტინის მიზანი ინფექციის მაჩვენებლის დაკლება და ისრაელში მყოფი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ, თუმცა არ განუმარტავს, კონკრეტულად რა შეზღუდვებს მოიცავს ახალი წესები.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ სამთავრობო კაბინეტში ორდღიანი განხილვების შემდეგ გააკეთა. ისრაელის მედიის ცნობით, იმისთვის, რომ კარანტინის წესები დამტკიცდეს, გადაწყვეტილება კაბინეტმა უნდა მიიღოს. პრემიერ-მინისტრის განცხადებას თავშეყრის ადგილებში შეზღუდვების გამკაცრების შესახებ არ ეთანხმებიან მისი ოპონენტები.

ისრაელი ერთ-ერთი იყო მსოფლიოში, რომელმაც წლის დასაწყისში შეზღუდვების დაწესების ფონზე კორონავირუსს წარმატებით გაუმკლავდა, თუმცა ეკონომიკის გასაძლიერებლად შეზღუდვები მალევე მოხსნა, რამაც ქვეყანაში ვირუსის გაძლიერება გამოიწვია. შეზღუდვების დაწესებისთვის მთავრობის წარმომადგენლები ვირუსის პირველი ტალღისას გააკრიტიკეს, რადგან ახალ წესებს დამაბნევლად და წინააღმდეგობრივად მიიჩნევდნენ.

ისრაელში 23 სექტემბერს კორონავირუსის 6 948 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის დღიურად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყნის საავადმყოფოებში მალე ახალი პაციენტებისთვის ადგილი აღარ იქნება.

AP-ის ცნობით, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გასულ კვირას გამოცხადდა. კარანტინის ფარგლებში დაიკეტა სკოლები, სავაჭრო ცენტრები, სასტურმოები და რესტორნები. თუმცა მოსახლეობას კვლავ შეუძლია ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება, სამსახურში, რელიგიურ ცენტრებში და სავარჯიშო დარბაზებში სიარული, ასევე არ არის აკრძალული სახალხო დემონსტრაციებიც. კარანტინის ახალი წესებით კი, სავარაუდოდ, მოსახლეობას ეს ყველაფერი შეეზღუდება.

The Guardian ისრაელის ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს იმ შეზღუდვების ჩამონათვალს, რომელიც შესაძლოა, კარანტინის გამკაცრების შემდეგ მიიღონ:

  • ქვეყანაში აღარ იმოძრავებს თითქმის არცერთი საზოგადეობერივი ტრანსპორტი;
  • მხოლოდ მცირე რაოდენობის ბიზნესს შეეძლება მუშაობის გაგრძელება;
  • დაიხურება სპეციალური სასწავლო დაწესებულებები;
  • საპროტესტო გამოსვლები შეიზღუდება, კერძოდ, აიკრძალება 20 ადამიანზე მეტის შეკრება. ამასთან, აქციაში მონაწილეობა აიკრძალება საკუთარი სახლიდან 1 კილომეტრის რადიუსის გარეთ;
  • იომ-ქიფურის დღესასწაულის გარდა, სხვა დღეებში სინაგოგები დაიკეტება;
  • ქვეყნის მთავარი აეროპორტი, ბენ-გურიონი შეწყვეტს მუშაობას.

თუმცა აღნიშნული შეზღუდვები ამ ეტაპზე ისრაელში არ დამტკიცებულა.

AP-ის ინფორმაციით, ისრაელში პირველად გამოცხადებულმა საყოველთაო კარანტინმა უმუშევრობის დონე გაზარდა, ექსპერტების აზრით, კარანტინის მეორედ გამოცხადება ეკონომიკას უდიდეს ზიანს მიაყენებს.

ნეთანიაჰუმ საკუთარ გამოსვლაში განმარტა, რომ გააზრებული აქვს ის ზიანი, რაც ეკონომიკას მიადგება, თუმცა, მისი თქმით, შეზღუდვების დაწესებისთვის ახლა საუკეთესო დროა, რადგან ამ დროს ეკონომიკა შედარებით ნელა მუშაობს.

რაც შეეხება კორონავირუსის გამო მსოფლიოს სხვა ქვეყნებში დაწესებულ შეზღუდვებს, ბოლო პერიოდის განმავლობაში, კარანტინის წესები გაამკაცრა ინგლისმა და იტალიამ. ინგლისის შემთხვევაში რესტორნები და პაბები მუშაობას 22:00 საათის შემდეგ ვეღარ შეძლებენ. ასევე გაიცა რეკომენდაიცია, რომ მათ, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, იმუშაონ სახლიდან. მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის და კლიენტებისთვის სავალდებულო გახდა პირბადეების ტარება. ამასთან, აიკრძალა დახურულ სივრცეში სპორტული აქტივობები და ორ ოჯახზე მეტის შეკრების შემთხვევაში ადამიანებს ვალდებულება აქვთ, მათი რაოდენობა ერთ სივრცეში არ აღემატებოდეს 6 პირს.

იტალიაში კი დაიხურა ყველა ღამის კლუბი და საცეკვაო ადგილი. საჯარო სივრცეში აუცილებელია პირბადეების ტარება. თუმცა გაიხსნა სკოლები. პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესებულია ევროპის სხვა ქვეყნებშიც.

ამასთან, The Guardian-ის ინფორმაციით, ევროპის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის კომისიის ხელმძღვანელმა, სტელა კირაიკიდსმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ევროპაში კორონავირუსის მაჩვენებელმა მკვეთრად იმატა, განსაკუთრებით კი- ჩეხეთში, დანიაში, ესტონეთში, საფრანგეთში, უნგრეთში, ირლანდიაში, ჰოლანდიაში, ნორვეგიაში, პორტუგალიაშია, სლოვაკეთში, სლოვენიაში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში. ამ ქვეყნებიდან განსაკუთრებული საფრთხე ჩეხეთსა და ესპანეთშია, სადაც ჯანდაცვის სისტემას კორონავირუსის შემთხვევებთან გამკლავება უჭირს. მსგვასი მდგომარეობაა ბულგარეთში, უნგრეთში, მალტაში, რუმინეთსა და ხორვატიაში.

ასევე, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის დირექტორმა, ანდრეა ამონმა, განაცხადა, რომ ინფექცია გაძლიერდა 15-49 წლის ადამიანებშიც, კერძოდ, ახალი შემთხვევების 44%-ს სწორედ ეს ასაკობრივი ჯგუფები შეადგენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი