ახალი ამბები

“საელჩო საქმის კურსშია” — ბრიტანეთის საელჩო “ომეგას” საქმეზე

22 ნოემბერი, 2018 • 3259
“საელჩო საქმის კურსშია” — ბრიტანეთის საელჩო “ომეგას” საქმეზე

21 ნოემბერს “რუსთავი 2-თან” ინტერვიუში “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელმა, ბრიტანეთის მოქალაქე ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა ახსენა, რომ ბრიტანეთის ელჩი “საქმის კურსში იყო” ჯგუფისა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

ოქუაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები გარკვეული დათმობების სანაცვლოდ უბიძგებდნენ, უარეყო მის მიერ რამდენიმე კვირით ადრე გავრცელებული ცნობები რეკეტთან და სხვა უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით და ეთქვა, რომ ამ ცნობების გავრცელება გვარამია-სააკაშვილთან შეთანხმების ნაწილი იყო.

ნეტგაზეთმა საელჩოს მიმართა კითხვით, ბრიტანეთის ელჩმა ან რომელიმე სხვა ბრიტანელმა ოფიციალურმა პირმა/დიპლომატმა რაიმე სახით მიიღო თუ არა მონაწილეობა რაიმე სახის მოლაპარაკებებში “ომეგა ჯგუფის” წარმომადგენლებსა და საქართველოს მთავრობას, ხელისუფლებას, ან “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულ რომელიმე ოფიციალურ ან არაოფიციალურ პირს შორის.

ამ კითხვაზე საელჩოდან გვიპასუხეს, რომ “ეს არის საქართველოს მთავრობასა და კონკრეტულ ინდივიდებს შორის არსებული ბიზნეს საკითხი”;

მათივე თქმით, დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაქენზი სმიტმა, “ადრეც განაცხადა, [რომ] საელჩო საქმის კურსშია და თვალყურს ადევნებს ამ საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ვინაიდან საქმეში ჩართულები არიან ბრიტანელი ინვესტორები”.

“ჩვენი ინტერესია, გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს დროულად და კანონთან შესაბამისობაში”, – გვიპასუხეს საელჩოში.

“როგორც საქართველოს მეგობარი, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ყველა ძალისხმევას, რომელიც გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკას და მხარს ვუჭერთ ინკლუზიურ და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს შექმნას, რათა ინვესტორებსა და ბიზნესებს ჰქონდეთ ნდობა საქართველოში ბიზნესის წარმოების მიმართ”, – წერია წერილში, რომელიც ნეტგაზეთმა საელჩოსგან მიიღო.

ნეტგაზეთმა საელჩოს ასევე ჰკითხა, ზუსტად როდის, რა ფორმატში, ვისი მონაწილეობით შედგა მოლაპარაკება, რას შეეხებოდა იგი და რა შედეგით დასრულდა, თუმცა ამაზე პასუხი არ მიგვიღია.


თავდაპირველად, შემოდგომაზე, რუსთავი 2-მა გაავრცელა ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერები “ომეგას” საქმეზე შესაძლო რეკეტის შესახებ. ამ საქმეში, ოქუაშვილის მტკიცებით, ფიგურირებენ სხვადასხვა მაღალჩინოსნები, “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაახლოებული პირები. ოქუაშვილი აცხადებდა, რომ მმართველი გუნდის არაფორმალური ავტორიტეტები მას ფულს სძალავდნენ “ომეგას”  სრულფასოვნად მუშაობის სანაცვლოდ.

ბიძინა ივანიშვილმა მისი ბრალდება უარყო, ხოლო სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა თქვა, რომ ჩანაწერები ოქუაშვილთან შეთანხმებით დადგა, რათა ამ უკანასკნელის უცხოელ პარტნიორებს შექმნოდათ შთაბეჭდილება, რომ ოქუაშვილზე ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებდა.

თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ოქუაშვილის თქმით, აღნიშნულმა პირებმა, ერთი შეხედვით, უკან დაიხიეს: “მიამიტურად [მეგონა] … რომ სახელმწიფომ დაანება თავი, ბოლოს და ბოლოს, ფეოდალიზმს, რეკეტს და კრიმინალს და დადგა სწორ გზაზე”.

“ომეგა ჯგუფის” თამბაქოს ქარხანამ პაუზის შემდეგ მუშაობა ოქტომბრის ბოლოს განაახლა. როგორც ოქუაშვილი ამბობს, ამასთან ერთად, “ოცნება” სხვა დათმობებზეც წავიდა, რამაც შეუქმნა შთაბეჭდილება, რომ “სწორ გზაზე” დადგნენ: 51-მილიონიანი ვალი 10 მილიონამდე შეუმცირდა, “ქართუ” ბანკისგან მიიღო 8 მილიონის სესხი, მოიგო მრავალწლიანი სასამართლო დავა უფილტრო სიგარეტთან დაკავშირებით, რაც მინიმუმ წლიურ 60-მილიონიან შემოსავალს ნიშნავს; ამას გარდა, ნიკა გვარამიას ცნობით, მას 50 მილიონ დოლარს სთავაზობდნენ (ეს ცნობა ოქუაშვილმა არ უარყო).

“ოცნება” მიბიძგებდა, დათმობების სანაცვლად უარმეყო ცნობები რეკეტზე — ოქუაშვილი

“ოცნება” მიბიძგებდა, დათმობების სანაცვლად უარმეყო ცნობები რეკეტზე — ოქუაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი