ახალი ამბები

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით საშიში პრეცედენტია – NGO-ები კუპრავას განაჩენზე

1 აგვისტო, 2019 • 1734
გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით საშიში პრეცედენტია – NGO-ები კუპრავას განაჩენზე

არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე ზვიად კუპრავასთვის გამოტანილ განაჩენს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის თვალსაზრისით საშიშ პრეცედენტად მიიჩნევენ. შესაბამისი განცხადება მათ დღეს, პირელ აგვისტოს გაავრცელეს.

განცხადების ხელმომწერებს საგანგაშოდ მიაჩნიათ პირის გამტყუნება ამა თუ იმ განცხადების გამო, რომელიც მან სასამართლო დარბაზს გარეთ, პროცესისათვის ხელის შეუშლელად გაახმიანა.

“მიგვაჩნია, რომ მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელება და სასამართლო პროცესის მიმდინარეობის ხელშეშლა უდავოდ წარმოადგენს დაცვის ღირს ინტერესს, რომლის გამოც შესაძლოა არსებობდეს გარკვეული პასუხისმგებლობის ზომა, თუმცა საგანგაშოდ მივიჩნევთ ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენების მაშინ, როდესაც პირი განცხადებას აკეთებს სასამართლო დარბაზის გარეთ და იგი არ უშლის ხელს არც მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებას და არც სასამართლოს დამოუკიდებლობასა თუ მიუკერძოებლობას.

ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ იმის გამო, რომ თავად განცხადება შეიცავდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს, პირის პასუხისგებაში მიცემა ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დაცულ გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს, რომელიც, ერთი მხრივ, იცავს შეურაცხმყოფელ გამოხატვას, მეორე მხრივ კი, აკისრებს თმენის ვალდებულებას მოსამართლეებს მათ მიმართ გამოთქმული (მათ შორის შეურაცხმყოფელი) განცხადებების მიმართ”, – აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ხელმომწერთა თქმით, მნიშვნელოვანია დღეს გამოტანილი განაჩენის განხილვა ქვეყანაში მიმდინარე სხვა მოვლენების ფონზე, როცა ხელისუფლებისგან თუ სხვა ჯგუფებისგან შეინიშნება “გამოხატვის თავისუფლების ფარგლების შეზღუდვის” სურვილი “კრიტიკის ჩახშობის მიზნით.

“ამავდროულად, აღსანიშნავია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან მიმდინარე გასაუბრებები და მის ფარგლებში მოქმედი მოსამართლეების მიერ გამოთქმული მოსაზრებები, რაც დღეს მიღებულ გადაწყვეტილებასთან ერთად, ზოგადად სასამართლო სისტემაში გამოხატვის თავისუფლების მიმართ დაბალ მგრძნობელობაზე მიუთითებს.

ხაზგასასმელია ასევე ის გარემოება, რომ ზვიად კუპრავა ოპოზიციურად განწყობილი პირია, რომელიც აქტიურად ღებულობდა მონაწილეობას ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებულ აქციებში ზაზა სარალიძესთან ერთად. ეს კი მის მიმართ სამართლის შერჩევითად გამოყენებაზე შეიძლება მიუთითებდეს”, – წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI Georgia); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); მედიის განვითარების ფონდი (MDF).


ზვიად კუპრავას მოსამართლე ელენე გოგუაძემ 9-თვიანი პატიმრობა სსკ-ის 366-ე მუხლით მიუსაჯა, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. ბრალდება კუპრავას ედავებოდა, რომ 11 ივნისს, საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარი ინციდენტისას, მან უცენზურო ფრაზები გამოიყენა სამართალწარმოების მონაწილე მოსამართლის მიმართ.

ზემოაღნიშნული ინციდენტის შემდეგ, “საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ” სსკ-ის ეს მუხლი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. უწყებამ საჩივარი წარმოებაში მიიღო, პირველი არსებითი განხილვა კი დღეს, პირველ აგვისტოს იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი