ახალი ამბები

სალიას თქმით, რ2-ის ფინანსურ მდგომარეობაზე ბევრი კითხვა და ეჭვი არსებობს

1 აგვისტო, 2019 • 1348
სალიას თქმით, რ2-ის ფინანსურ მდგომარეობაზე ბევრი კითხვა და ეჭვი არსებობს

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების კომენტირებისას, რომელშიც ნათქვამია, რომ უწყება“ინტერმედიის” საქმესთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე იბარებს, ამბობს რომ “რუსთავი 2-ის” ფინანსური მდგომარეობა ბევრი ეჭვის საფუძველს იძლევა:

“მე რომ მოვედი კომპანიაში, ვთქვი ღიად, რომ მიზერული თანხა დამხვდა ანგარიშზე. კომპანიას მენეჯმენტი ისე მართავდა, რომ ეს კომპანია იყო იმ შემოსავლების გარეშე, რაც დაფარავდა მიმდინარე ხარჯებს. ანუ, კომპანიის შემოსავლები ვერ ფარავდა ხარჯებს, რაც თავისთავად ბადებს ეჭვს, რომ რაღაც კომპანიაში ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. კომპანიის მდგომარეობა, რაც მე ვნახე, ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს, როგორ არსებობდა საერთოდ ეს კომპანია” ,- ამბობს სალია.

მისი თქმით, უსაფუძვლოა ფინანსური მდგომარეობის დაკავშირება ყადაღასთან, რომელიც ტელეკომპანიის ქონებას სასამართლო დავის გამო ქიბარ ხალვაშის მოთხოვნით დაედო:

“ძალიან ხშირად გვესმის განცხადებები ყადაღაზე. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ამ დავასთან დაკავშირებით გამოყენებული ყადაღა ეხებოდა უძრავ და მოძრავ ქონებას, ავტომობილებს, ასე ვთქვათ. შესაბამისად, არაერთხელ განვაცხადე, რომ იმისათვის, რათა კომპანიის მუშაობაში შეფერხება არ იყოს, მოვხსნიდით ყადაღას, ოღონდ წარმოგვიდგინეთ ანგარიშები, რამდენი თანხა გჭირდებათ ბანკიდან.

მე შეგახსენებთ, ყოველთვის იყო აპელირება, რომ მოკლევადიანი სესხი სჭირდებოდა კომპანიას იმისთვის, რომ სეზონურობა ახასიათებს ამ ბიზნესს და როცა ნაკლები შემოსავალი იყო, მაშინ დაეფარათ ხელფასები და ხარჯები და როცა მეტი შემოსავალი იყო, ეს სესხები გაესტიმრებინათ. ამაზე იყო საუბარი და ამისთვის ჩვენ მზად ვიყავით. არცერთი ნაბიჯი იმისათვის, რომ ეთხოვათ ჩვენთვის, რომ ეს გავაკეთოთ, არ ყოფილა” ,- ამბობს სალია.

სალიას თქმით, სამომავლოდ იგეგმება “რუსთავი 2-ში” ფინანსური აუდიტის ჩატარების მიზნით უცხოური აუდიტორული კომპანიის მოწვევა:

“ფინანსურადაც ძნელი წარმოსადგენია, რომ მხოლოდ ამ ყადაღის გამო იყოს ასეთი მძიმე მდგომარეობა კომპანიაში. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი კითხვა და ეჭვი არსებობს, რომელსაც ალბათ დროთა განმავლობაში გაეცემა პასუხი. ჩვენი მხრიდან ასევე დაგეგმილია საერთაშორისო კომპანიის მოწვევა აუდიტის ჩასატარებლად. საგამოძიებო ორგანოები რა დასკვნას დადებენ, ესეც საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი”, – ამბობს სალია.

ამავე თემაზე

პროკურატურა “ინტერმედიის საქმეზე” გვარამიას დაკითხვას გეგმავს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი