ახალი ამბები

უნდა შეგვექმნა ისეთი სასამართლო, რომელიც უფრო დამოუკიდებელი იქნებოდა – ადეიშვილი 

1 აგვისტო, 2019 • 2024
უნდა შეგვექმნა ისეთი სასამართლო, რომელიც უფრო დამოუკიდებელი იქნებოდა – ადეიშვილი 

“თუ ხელისუფლება გადაწყვეტს აკონტროლოს სასამართლო, არ არსებობს ისეთი ქვეყანა, რომ ვერ გააკონტროლოს”, – განაცხადა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში.

ადეიშვილი აღიარებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ სასამართლო სისტემაში (გარდა საკონსტიტუციო სასამართლოსი) დამოუკიდებელი ხელმძღვანელობის ყოფნა არ უზრუნველყო.

“რა თქმა უნდა, შეუძლებელია პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ავიღო ამაზე, ყველაზე მეტად ვინ დაისაჯა ამ ყველაფრით?” – აცხადებს ადეიშვილი და ამ კონტექსტში სასამართლოს მიერ მისთვის პატიმრობის შეფარდებას იხსენებს.

ნიკა გვარამიას თქმით, ადეიშვილს “მისივე მონებმა მიუსაჯეს” და სწორედ ადეიშვილმა შეიყვანა სასამართლო სისტემაში მიხეილ ჩინჩალაძე. რაც შეეხება ლევან მურუსიძეს, ზურაბ ადეიშვილის თქმით, “თითქმის არ იცოდა მისი არსებობა”. ადეიშვილის აზრით, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების პირობებში მოქალაქეები სამართალს “ზოგჯერ პოულობდნენ, ზოგჯერ – არა”.

“დამოუკიდებელი სასამართლო იქმნება მხოლოდ მაშინ, როცა ხდება ხელისუფლების ტრანსფორმაცია და არავინ ახორციელებს ზეწოლას მოსამართლეებზე. [“ქართლი ოცნების” ხელისუფლების მოსვლიდან] პირველი წელი, როცა ჯერ ვერ მოტეხა ამ ხელისუფლებამ სასამართლო, ისინი იღებდენ გამამართლებელ განაჩენებსაც, გაიარეს არნახული ზეწოლა. თუ ხელისუფლება გადაწყვეტს აკონტროლოს სასამართლო, არ არსებობს ისეთი ქვეყანა, რომ ვერ გააკონტროლოს”, – განაცხადა ადეიშვილმა.

მისი თქმით, წინა ხელისუფლებას რომ ეცადა რეალურად კარგი სასამართლო სისტემის შექმნა, “აბსოლუტურად სხვა გზით უნდა წასულიყო”. ადეიშვილის თქმით, ხელისუფლებას ბევრი სხვა პრიორიტეტული მიმართულება ჰქონდა: კორუფციის დამარცხება, კრიმინალის დამარცხება, საგარეო საფრთხეების ისე არიდება, რომ სახელმწიფო არ ჩამოშლილიყო, ბაზისური სერვისები და ინფრასტრუქტურა.

კითხვაზე, ამისთვის მართვადი სასამართლო იყო საჭირო? ადეიშვილი პასუხობს:

“ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. ვერ შევძელით, ვერ გავაცნობიერეთ, რამხელა მნიშვნელობა შეიძლება ამას ჰქონოდა”.

ადეიშვილის თქმით, ერთ-ერთი კრიზისის დროს წინა ხელისუფლება განიხილავდა სასამართლოში ნიკა გვარამიას და თავად ადეიშვილის კანდიდატურის დანიშვნას.

“შენ რომ ყოფილიყავი სასამართლო სისტემის ხელძმღვანელი, ზუსტად ისეთ სისტემას ააშენებდი, როგორსაც მე გეტყოდი?” – მიმართა ადეიშვილმა გვარამიას. ამასთნ, ადეიშვილი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას სასამართლოს ლიდერშიფში ყოფნის შემთხვევაშიც, ხელისუფლება ჩამოშლიდა ამ სისტემას, როცა მას ვადა გაუვიდოდა.

“მეტი ლიდერშიფი სჭირდებოდა სასამართლო სისტემას. მცდელობა გვქონდა რაღაც პერიოდში. ჯერ ერთი, სასამართლო ჩამოყალიბდა როგორც ერთიან კორპორაციად, რაც ასევე ძალიან ცუდი იყო, ვგულისხმობ მოსამართლეთა სკოლის ევროპული მოდელს, რაც ზრდის ლოიალურ კადრებს სასამართლო სისტემისთვის. ამ ფორმით, რა ფორმითაც ახლა არსებობს ეს სისტემა, არის ძალიან საშიში. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ვერ მოვახერხეთ ისეთი [რეფორმის ჩატარება], რომლის უკან დატრიალება ვერ მოხერხდებოდა, როგორც ვერ მოხდა იუსტიციის სახლების შემთხვევაში. თუმცა “ოცნების” ხელისუფლების მთავარი ხაზი მაინც გაივლიდა სასამართლოს კონტროლის ხელში ჩასაგდებად, აქ იქნებოდა მთავარი ბრძოლის ხაზი. მაგრამ უნდა შეგვექმნა ისეთი სასამართლო, რომელიც უფრო მეტხანს გასტანდა და უფრო დამოუკიდებელი იქნებოდა. ამ პასუხისმგებლობას ვერ გავექცევი. რომ შეგვეცვალა მაშინ, დამოუკიდებელი ადამიანები შეგვეყვანა  სასამართლოს ლიდერშიფში, დღეს უფრო რთული იქნებოდა”, – განაცხადა ადეიშვილმა.

ინტერვიუ ზურაბ ადეიშვილთან ნიკა გვარამიამ ბუდაპეშტში ჩაწერა, სადაც იუსტიციის ყოფილი მინისტრი თავს აფარებს. ინტერვიუს ორსაათიანი ჩანაწერი გვარამიას პირად იუტუბ-არხზე გამოქვეყნდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი