ახალი ამბები

6 “შეცდომა”, რომელსაც ადეიშვილი აღიარებს

1 აგვისტო, 2019 • 7997
6 “შეცდომა”, რომელსაც ადეიშვილი აღიარებს

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რომელიც ამჟამად უნგრეთს აფარებს თავს, ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში იმ ძირითად მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე საუბრობს, რომლებიც, მისი თქმით, თავისი და “ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების შეცდომები იყო. მათ შორის ადეიშვილი მედიასთან და ბიზნესთან დამოკიდებულებას, ციხეში არსებულ მდგომარეობასა და ფარული ჩანაწერების პრაქტიკას ასახელებს.

“რა თქმა უნდა, დავუშვი შეცდომები. ბევრი შეცდომები იყო. ამ გადმოსახედიდან ეს შეცდომები უკეთესად ჩანს. ვფიქრობ, ბევრი რაღაც ყველას ერთად სხვანაირად რომ გაგვეკეთებინა, შანსი იყო ქვეყნის სხვანაირი განვითარების. მაგრამ ლაპარაკი, რომ რაღაც კონკრეტული შეცდომების გამო რაღაც მოხდა, ძალიან ძნელია.”, – ამბობს ადეიშვილი და 2012 წლის არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვებას “საქართველოში რუსულ სპეცოპერაციას” უწოდებს.

“თუმცა, ამას დაერთო ძალიან მნიშვნელოვანი, აუცილებელი, ბუნებრივი პროცესი – ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან”, – ამბობს ის.

გადაცემის მსვლელობისას ადეიშვილი შემდეგ “შეცდომებს” შეეხო:

#1 – პოლიტიკური ელიტის შეცვლის ნების ნაკლებობა

ადეიშვილის თქმით, წინა ხელისუფლებამ “პოლიტიკური ელიტის შეცვლაზე” საკმარისად არ იზრუნა.

“იმ პროცესში, როცა ვაშენებდით ახალ სახელმწიფოს, არ ჩავდეთ საკმარისი ფული განათლებაში, რომ შეგვეცვალა პოლიტიკური ელიტა. შეუძლებელია, შექმნა ახალი პოლიტიკური ელიტა,  თუ არ იქნება სათანადო ინვესტიციები განათლებაში”.

#2 – ადეკვატური რეაქციის ნაკლებობა ხელისუფლების გადაცდომებზე

იუსტიციის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ წინა ხელისუფლება “ნაკლებ ტოლერანტული” უნდა ყოფილიყო თავისივე შეცდომებისადმი.

“ჩემი აზრით, უფრო ნაკლები ტოლერანტობა უნდა ყოფილიყო ჩვენი დარღვევების მიმართ. ეს იყო ნარატივი, რომ ესენი არიან დაუნდობელი, სისხლისმსმელი ადამიანები, რომლებიც სჯიან და როცა საქმე საქმეზე მიდგება, რაზე ლაპარაკობენ, რომ არ დაისაჯა კონკრეტულ საქმეში რომელიმე სამართალდამცავი, არ იქნა გამოძიებული რომელიღაცა კორუფციის [საქმე]…

ბუნებრივია, როცა ხდება ასეთი დარღვევები, უნდა იყოს უფრო მეტი თანმიმდევრული რეაგირება. თუმცა, რაც ერთ ადამიანს შეეძლო, გაეკეთებინა, იმდენი მგონი გავაკეთე, ჩემი აზრით”, – აცხადებს ის.

#3 – ურთიერთობის ფორმა ბიზნესთან

იუსტიციის ყოფილი მინისტრი შეცდომას უწოდებს სახელმწიფოს ურთიერთობის ფორმებს იმ ბიზნესმენებთან, რომლებიც დარღვევებში იყვნენ შემჩნეულნი. მისი თქმით, უმჯობესი იქნებოდა, დამრღვევების კომპანიები დაყადაღებულიყო, მფლობელები კი შესაბამისად დასჯილიყვნენ, თუმცა სახელმწიფო სხვაგვარად იქცეოდა.

“ორი პროცედურა არსებობდა: ერთი პროცედურით, ვთქვათ, ადამიანს აღმოუჩინე, რომ [უკანონოდ] მოიპოვა 20 მილიონი ლარი. სწორი გზა არის, რომ ეს ფირმა უნდა დაყადაღდეს, უნდა გადაიხადოს გადასახადი, ეს ადამიანი კი უნდა დაისაჯოს.

იმის გამო, რომ ეს ძალიან დაარტყამდა ეკონომიკას და მით უმეტეს, ამ კომპანიასაც, არსებობდა “შოთკატები”: ის ფული, რაც შენ მოიპარე და წაიღე სახლში, ამ ფულის რაღაც ნაწილი მოახმარე საზოგადოებრივ საქმეს.

…მე არ ვამართლებ იმ პროცედურას, რაც გავაკეთე მაშინ”, – აღნიშნავს ადეიშვილი .

ბიზნესზე საუბრისას, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ასევე შეცდომებად მოიხსენიებს წინასწარი პატიმრობის გამოყენებას ბიზნესმენებისადმი და მცირე ბიზნესის მიმართ მკაცრ დამოკიდებულებას:

“ყველაზე დიდი შეცდომა და საზოგადოებაში ვნებათაღელვას იწვევდა უფრო მცირე დარღვევებზე დაჯარიმება. ვთქვათ, პატარა მაღაზია რომ ჰქონდა ვიღაცას და ჩეკის გარეშე[მუშაობდა]”.

#4 – მდგომარეობა ციხეში

დღეს ადეიშვილს არც წინა ხელისუფლების პერიოდის ციხეში არსებული მდგომარეობა მოსწონს. ნიკა გვარამიას კითხვაზე, “ფეიკ ნიუსი[ყალბი] იყო თუ არა 2012 წლის ციხის კადრები”, ადეიშვილი პასუხობს:

“ის რაც გავიდა, კი. მაგრამ ის, რომ ციხეში პრობლემა იყო, ცალსახაა. ეს დაადასტურა ნამდვილმა კადრებმაც… იქ ხომ ერთი კადრი ნამდვილი იყო, კარანტინის დაშლის, რაც ხდება ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპაში, მაგრამ მაინც არის ძალიან ცუდი”.

#5 – “ბევრი მიშა ეთერში” და კრიტიკული მედიის შევიწროება

გვარამიამ ადეიშვილის წინა ხელისუფლების დროს კრიტიკული მედიის შევიწროების მცდელობებსა და სახელმწიფო ტელეარხების მხრიდან მაშინდელი პრეზიდენტის დიდი დოზით გაშუქებაზეც ჰკითხა. “რა საჭირო იყო ამდენი სააკაშვილი ეთერში?” – კითხვაზე ადეიშვილმა მიუგო:

“თუ სამთავრობო ტელევიზიებზე ამბობ, მე გეუბნები, რომ არ იყო, რა თქმა უნდა… ნებისმიერ ხელისუფლების აუცილებელი პირობა არის, რომ არსებობდეს კრიტიკული მედია…”

აღნიშნულის შემდეგ, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დროს ყველაფერი გაკეთდა, რათა კრიტიკული მედია არ ყოფილიყო, რაზეც ყოფილმა მინისტრმა უპასუხა:

“მოდი, ასე ვთქვათ, კრიტიკული მედია ყოველთვის იყო, თუმცა შეცდომები ძალიან ბევრი იყო. დავინახეთ, შეცდომა მოგვივიდა. იყო სხვანაირი დამოკიდებულება: ჩვენ თვლიდით, რომ გარე საფრთხეები იყო. არსებობდა შიში, რომ ვიღაც კორუფციული ჯგუფები გააკეთებდნენ რევანშს. აღმოჩნდა, რომ ეს არ მუშაობს”.

#6 – 7 ნოემბრის ფარული ჩანაწერები

ამჟამინდელი გადმოსახედიდან, ადეიშვილს 2007 წლის ნოემბერში პოლიტიკოსებზე ფარული ჩანაწერების გაშვებაც შეცდომად მიაჩნია. თუმცა, კვლავ ამბობს, რომ მაშინ “რუსებისა და ბადრის[პატარკაციშვილის]” მხრიდან სახელმწიფოს მიტაცების მცდელობას ჰქონდა ადგილი.

“რეალურად, 2007 წელს ჩვენ სახელმწიფომ ავარიდეთ ის, რაც 2018-ში გახდა ცხადი, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები იყო და ყველამ კარგად დაინახა, რომ სახელმწიფო იყო მიტაცებული. 2007-ში იგივე მცდელობა იყო რუსების და ბადრის მხრიდან. 2012-ში ეს მოხდა, თუმცა საზოგადოებას სხვა არგუმენტებიც ჰქონდა, რის გამო უნდა შეეცვალა ხელისუფლება და შემდეგ გახდა ეს ცხადი, რომ აბსოლუტურად სხვა ხელისუფლება უნდა იყოს”, – აცხადებს ადეიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი