ახალი ამბები

გიქმნით უხერხულობას ის, რომ ჯანეზაშვილის ქმარი “ლიბერალში“ მუშაობდა? – მეთოფიშვილი კანდიდატს

1 აგვისტო, 2019 • 1341
გიქმნით უხერხულობას ის, რომ ჯანეზაშვილის ქმარი “ლიბერალში“ მუშაობდა? – მეთოფიშვილი კანდიდატს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ქეთევან მესხიშვილს გასაუბრებაზე ჰკითხა, ხომ არ უქმნიდა უხერხულობას ის გარემოება, რომ არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის მეუღლე “ლიბერალის“ რედაქტორი იყო.

მეთოფიშვილმა ეს კითხვა მას შემდეგ დასვა, რაც ჯანეზაშვილმა საბჭოს წევრებსა და კანდიდატებს შორის არსებულ კავშირებზე ისაუბრა. ჯანეზაშვილმა მესხიშვილს ჰკითხა, ხომ არ უქმნიდა მას უხერხულობას ის ფაქტი, რომ საბჭოს ზოგიერთი წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან ნათესაურ ან ახლობლურ კავშირებშია, მათ შორის, არიან ერთმანეთის მეჯვარეები, თუმცა  თვითაცილებას მაინც არ აცხადებენ.

“ჩაგეკითხებით, ქალბატონი ნაზიბროლას თანხმობით. ქალბატონო ქეთევან, თქვენ უხერხულობას ხომ არ გიქმნით, რომ ქალბატონი ნაზიბროლას მეუღლე  იყო “ლიბერალის“ რედაქტორი და მხარდაჭერას უწევდა ქალბატონ ნაზიბროლას, ასე ვთქვათ,  სასამართლო სისტემის და საბჭოს ლანძღვა-გინებაში? ასევე, მგონი, ტაბულას თანამშრომელია და იქიდანაც ანალოგიურად … გააქტიურდა,“ – იკითხა მეთოფიშვილმა.

ამ კითხვის შემდეგ ჯანეზაშვილმა, განაცხადა, რომ მეთოფიშვილის განცხადება მცდარია და ამჟამად მისი ქმარი არსად მუშაობს.

“ტაბულაში მუშაობდა… მე ისიც მედიიდან ვიცი. შეიძლება არ მუშაობს ახლა, მაგრამ “ლიბერალში“ ხომ მუშაობდა და იქიდან მხარდაჭერას, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფდა ამ თქვენი ლანძღვა-გინების, რომელიც მუდმივად და გამუდმებით არის სასამართლოსი და საბჭოს მიმართ. ეს ხომ არ გიქმნით უხერხულობას, რომ როდესაც ასეთი საბჭოს წევრი, რომელსაც მედიამხარდაჭერა ჰქონდა ოჯახის წევრის მხრიდან, შეფასებაში მონაწილეობს მოსამართლის და საერთოდ ასეთ პოლიტიზირებულ განცხადებებს აკეთებს?“, – ამბობს მეთოფიშვილი.

მოსამართლე წევრის ამ განცხადებას ფეისბუკზე გამოეხმაურა ჯანეზაშვილის ქმარი, დათო გამისონია, რომელმაც მეთოფიშვილის სიტყვები დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა.

“მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი ყველა საშუალებას იყენებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის დისკრედიტაციისთვის, რადგან ნაზის საქმიანობა საქართველოში სასამართლო სისტემის გაჯანსაღების პრინციპულ და თანმიმდევრულ მუშაობას უკავშირდება,“ – წერს ის.

გამისონიას თქმით, მოსამართლემ მისი რეპუტაციის შელახვის მცდელობა მდარე ხერხებით სცადა, რაც გასაკვირია.

“თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარემ, მეთოფიშვილმა, ჯერ სასამართლო სისტემისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ლანძღვა-გინების მედიამხარდაჭერაში დამდო ბრალი, შემდეგ კი დაამატა: „მგონი, „ტაბულას“ თანამშრომელია და იქიდანაც გააქტიურდაო,“.

ღია წერილის ბოლოს გამისონია წერს, რომ მეთოფიშვილისგან ბოდიშს მოითხოვს.

“რაც შეეხება „ლიბერალის“ ახალი ამბების რედაქტორის პოზიციაზე ჩემს საქმიანობას, ზედმეტი შეკითხვების თავიდან ასაცილებლად 2017 წლის ივნისის ბოლოდან (რაც ნაზი საბჭოს წევრია), ჩემივე გადაწყვეტილებით, ჩამოშორებული ვიყავი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გაშუქებას და მას სხვა რედაქტორი კურირებდა. ცნობისთვის, გამოცემა „ლიბერალი“ კოლეგებთან ერთად 2019 წლის 23 ივნისს დავტოვე.

მოვითხოვ, მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა, რომელიც ცდილობს, ჩემი ცოლის საქმიანობის გამო ჩემთვის პროფესიული ზიანის მიყენებასა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას, დაუყოვნებლივ მოიხადოს ბოდიში,“ – წერს გამისონია.

მასალების გადაბეჭდვის წესი