ახალი ამბები

პუტინის გინება და სხვა ფაქტორები, რამაც ვიცეპრემიერის თქმით, ლარი გააუფასურა

1 აგვისტო, 2019 • 1417
პუტინის გინება და სხვა ფაქტორები, რამაც ვიცეპრემიერის თქმით, ლარი გააუფასურა

ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი იმ ფაქტორებს ასახელებს, რამაც, მისი თქმით, ლარი გააუფასურა. ამ ფაქტორებს შორის ცქიტიშვილი პირდაპირ ეთერში პუტინის გინებასა და 20 ივნისის შემდეგ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსაც ასახელებს.

“ლარს პირველ რიგში სჭირდება სტაბილურობა და პირველ რიგში სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა. და როგორც თქვენ ნახეთ ლარის დინამიკაც და კურსის დინამიკაც.. როდესაც ჩვენ გავაკეთებთ ანალიზს 20 ივნისის შემდეგ მიმდინარე პროცესების, დავინახავთ, რომ ლარის კურსმა სწორედ ამ პერიოდში დაიწყო გაუარესება.

სწორედ ამ პოლიტიკური პროცესების, იმ გადატრიალების მცდელობების, პოლიტიკური დესტაბილიზაციის, პარლამენტში შევარდნის, შემდგომში პირდაპირი ეთერიდან მეზობელი ქვეყნის პირველი პირების გინების და შემდგომში ამის შედეგად ტურიზმზე დაწესებული სანქციებით, მილიონნახევარი ტურისტის, პრაქტიკულად, დაკარგვით – ამ ყველაფრის შედეგად, ჩვენ ვიღებთ დღევანდელ სურათს, “ – ამბობს მაია ცქიტიშვილი, მისი განცხადების ვიდეოს კი რუსთავი 2 ავრცელებს.

მისივე განმარტებით, როდესაც ექპერტები საუბრობენ, რომ სახელმწიფოს არ აქვს ქვეყნის განვითარების პროგრამა – ეს ტყუილია. ცქიტიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს ყველა ქმედება მიმართულია იმისკენ, რომ მისი მოქალაქეები, მათ შორის, ბიზნესმენები, მეწარმეები და გლეხები გააძლიეროს.

“ვუწყობთ ხელს ყველა პროგრამით იმისთვის, რომ მათ შექმნან როგორც საწარმოო შესაძლებლობები, ისე გაყიდონ პროდუქცია, მოიზიდონ ტურისტები, ააშენონ სასტუმროები და ამით შემოიტანონ ჩვენს ეკონომიკაში უცხოური ვალუტა და ამით გავაძლიეროთ ლარი – ყველაფერი ეს ფუჭია, როდესაც გარკვეული რადიკალური ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები აკეთებენ ყველაფერს, რომ ამ პროცესს შეუშალონ ხელი და მუდმივ რეჟიმში ვიმყოფოთ რევოლუციების, გადატრიალების.

ამის შედეგი არის ის შედეგი, რასაც ვიღებთ, არის კახეთი … რომლის მოსახლეობამაც დღეს დასვა კითხვები – გაიყიდება თუ არ მოსავალი, მათ ეს ადარდებთ. მათ ადარდებთ, რომ ამ სასტუმროებში უკვე აღარ არის იმდენი ტურისტი, რამდენიც ჰყავდათ შარშან და , რა თქმა უნდა, მათ ადარდებთ ის, თუ როგორი იქნება მათი შემოსავლები გაისად,“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.

გარდა ამისა, მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ მის მიერ დასახელებული გამოწვევების ფონზე, სახელმწიფო ცდილობს სტაბილურობა შეინარჩუნოს.

“ხელისუფლებას რისი გაკეთებაც შეუძლია, პირველ რიგში, არის სტაბილობის შენარჩუნება და სახელმწიფო ინსტიტუციებისა და სახელმწიფოს გამართული მუშაობის შენარჩუნება და სწორედ ამის გაკეთება მოუწია საქართველოს ხელისუფლებას მას შემდეგ, რაც “ნაციონალური მოძრაობა“ და უშუალოდ თქვენი ტელეკომპანია [რუსთავი 2] და თქვენი ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ ეცადნენ სტაბილურობის დარღვევას.

და საქართველოს მთავრობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობს, რომ შეინარჩუნოს ის ურთიერთობები, თუნდაც ის, რომელიც არსებობს, რომელიც ამ პრაგმატული პოლიტიკის შედეგად რთულად მიღწევადი იყო და ძალიან რთულად მოსაძიებელი იყო ის გაყიდვები, ის ტურისტები, რომლებიც ჩვენ ჩვენს ქვეყანაში გვყავდა,“ – განმარტავს ის.


ეროვნული ბანკი ხვალ, პირველ აგვისტოს, 40 მლნ აშშ დოლარს გაყიდის. სებ-ის თანახმად, ლარის მოქმედმა კურსმა ფასების სტაბილურობას შესაძლოა საფრთხე შეუქმნას. სწორედ ამიტომ, ცენტრალურმა ბანკმა ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო. ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულება პირველი აგვისტოსთვის 2.9718 ლარი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი