ზუგდიდში, ერთ-ერთი კერძო სახლის ჭაში ჩავარდნილი მუშა მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ ცხედარი ჭიდან გუშინ, გვიან ღამით ამოიტანეს.
მუშა ჭაში გუშინ, 30 ივლისს ჩავარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მუშა ვიწრო ჭაში მის გასაწმენდად იყო ჩასული, რა დროსაც ქვები ჩამოიშალა და კაცი შიგ ჩაიყოლა.
ინფორმაცია მომხდარის შესახებ თავდაპირველად ადგილობრივმა გამოცემა LivePress-მა გაავრცელა. როგორც გამოცემა ადგილზე მყოფ სხვა მუშებზე დაყრდნობით წერდა, ჭის სიღრმე დაახლოებით 9-10 მეტრია.
გამოძიება შსს-მ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.