ახალი ამბები

რას ედავებიან ამ ხალხს, ვერ გავიგე – ქობულია ხაზარაძე/ჯაფარიძეზე

31 ივლისი, 2019 • 1445
რას ედავებიან ამ ხალხს, ვერ გავიგე – ქობულია ხაზარაძე/ჯაფარიძეზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით, მისთვის გაუგებარია, რას ედავება პროკურატურა თიბისი ბანკის დამფუძნებლებს. ქობულია განმარტავს, რომ ამ საქმეში ფულის გათეთრების ნიშნებს ვერ ხედავს.

“რას ედავებიან ამ ხალხს, ვერ გავიგე. რა შუაშია აქ ფულის გათეთრება. ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და ამ შემთხვევაში პროკურატურამ პოპულარულ ენაზე საზოგადოებას აუხსნას, რას ედავებიან ამ ორ მოწინავე ბიზნესმენს. რა ფულის გათეთრებას ედავებიან და რის გათეთრებას. ის, რაც აღწერილია ამ ტრანზაქციაში, ფულის გათეთრებასთან ვერ დავაკავშირე. ეს ტრანზაქცია გარკვეულ კითხებს იწვევს. მაგრამ ეს კითხები უნდა განიმარტოს… რა მოხდა კონკრეტულად”,-განაცხადა პალიტრა ნიუსის ეთერში გიორგი ქობულიამ.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ხაზარაძისთვისა და ჯაფარიძისთვის თითო-თითო მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ქმედებების მიზანი ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშეშლაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი