ახალი ამბები

ფუნდამენტური ფაქტორები საკმაოდ ძლიერია – ბახტაძე ლარზე

30 ივლისი, 2019 • 1073
ფუნდამენტური ფაქტორები საკმაოდ ძლიერია – ბახტაძე ლარზე

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ტურისტული ნაკადების შემცირების მიუხედავად, სხვა ფუნდამენტური ფაქტორები საკმაოდ ძლიერია, შესაბამისად, ლარი ზედმეტად გაუფასურებულია.

ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა გაყიდოს თუ არა ეროვნულმა ბანკმა კურსის გასამყარებლად სავალუტო რეზერვები, ბახტაძე პასუხობს, რომ სებ-ი დამოუკიდებელი ორგანოა და მნიშვნელოვანია, სებ-მა ინფლაციის ნიშნული აკონტროლოს.

“დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება ეროვნულმა ბანკმა გააკეთა. ჩვენ გვაქვს შემდეგი მოცემულობა, რომ ბუნებრივია, ტურიზმიდან მეტ შემოსავლებს ველოდებოდით. მაისისა და ივნისის ციფრები [ტურისტული ნაკდების] ძალიან პოზიტიური იყო. აქედან გამომდინარე, ეკონომიკაში მოლოდინი იყო, რომ ტურიზმის სექტორიდან მეტი შემოსავლის მობილიზება მოხდებოდა. სამწუხაროდ, იმ მოვლების გამო რაც მოხდება, ეს ასე არ არის. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ერთადერთი ფაქტორი არ არის. მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ ნებისმიერი ანალიზი გვიჩვენებს, რომ დღეს ფუნდამენტური ფაქტორები საკმაოდ ძლიერია. აქედან გამომდინარე, ლარი ზედმეტად გაუფასურებულია. ეს არის ექსპერტების დასკვნა. მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის ნიშნული აკონტროლოს და აუცილებლად ჩაერიოს მაშინ, როდესაც პარამეტრები შეიცვლება “,-აცხადებს ბახტაძე.

დღეს, 30 ივლისს სავალუტო ვაჭრობის შედეგად ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.95 ლარია. ამავდროულად, კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3 ლარი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი