ახალი ამბები

კასპის მერის თქმით, მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა ნალექის მოსვლის შემდეგ მოეხსნება

30 ივლისი, 2019 • 2180
კასპის მერის თქმით, მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა ნალექის მოსვლის შემდეგ მოეხსნება

კასპის მერი, მანუჩარ მერებაშვილი ამბობს, რომ კასპსა და მიმდებარე სოფლებში წყლის მომარაგების პრობლემა ნალექის მოსვლასთან ერთად მოიხსნება. მისი თქმით, გვალვის დროს კასპის რაიონში მოქალაქეებს წყალი შეზღუდვებით მიეწოდებათ.

თავდაპირველად მერის განცხადება “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა“ – Qartli.ge, გაავრცელა. გამოცემა წერს, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, ქვემო ჩოჩეთის უბანში, სასმელი წყალი მოქალაქეებს ორ დღეში ერთხელ მიეწოდებათ, ისიც, მხოლოდ რამდენიმე საათით.

საინფორმაციო ცენტრის ცნობითვე, ამ სოფელში დგას 600-ტონიანი ავზი, რომელსაც პერიოდულად ავსებენ, თუმცა ამ ავზის რესურსით ეფექტურად სარგებლობენ მხოლოდ ზედა უბნის მცხოვრებლები. რაც შეეხება მერს, გამოცემის ცნობით, მან თქვა:

“19 აგვისტოს ფერისცვალების დღესასწაულია, სწორედ ამ პერიოდიდან იწყებს ტემპერატურა დაწევას, ნალექი მოვა, მიწაში წყალი მოიმატებს და მოსახლობას სასმელი წყლის პრობლემები მოეხსნება“, – განაცხადა მერმა qartli.ge-ს ცნობით.

ნეტგაზეთი სწორედ ამ განცხადების გამო დაუკავშირდა მერს, რომელმაც დაადასტურა, რომ ნამდვილად არსებობს წყლის მომარაგების პრობლემა კასპის არ ამხოლოდ კავთისხევში, არამედ რამდენიმე სოფელში.

მისივე თქმით, არსებობს ავზებიც, რომლებიც გვალვის პერიოდში შრება, ნალექის დროს კი მას მდინარეების წყალი ავსებს. ეს უკანასკნელი გადამუშავდება და უკვე სუფთა სახით მიეწოდება მოსახლეობას. მერი განმარტავს, რომ ცხელ დღეებში წყალმომარაგება იზღუდება, რათა ავზში წყლის მცირედი შემოდინება მაინც იყოს.

“ჩემი პასუხი მარტივია, ახლა, ამ პერიოდში, არის გვალვა. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა [წყლის მომარაგების], ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, ჩვენს მუნიციპალიტეტშიც დგას. იქ მიმდინარეობს სამუშოები სიტუაციის გადასამოწმებლად.

არა მარტო კავთისხევში, არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტის მასშტაბით წყალი არის ყველაზე პრობლემური საკითხი, რომელსაც მოსახლეობა ასახელებს. რაც შეეხება ამ მიმართულებას, ხალხს აქ ემსახურება კონკრეტული შპს, რომელიც სოფლების წყალმომარაგებას ახორციელებს, კასპს კი გაერთიანებული წყალმომარაგება ემსახურება. ერთგანაც და მეორეგანაც ეს პრობლემა დგას, განსაკუთრებით, ზაფხულის პერიოდში,“ – ამბობს მერი ნეტგაზეთთან საუბარში.

მასალების გადაბეჭდვის წესი