ახალი ამბები

დღეს საქართველო საგარეო შოკს გადის – კობა გვენეტაძე

30 ივლისი, 2019 •
დღეს საქართველო საგარეო შოკს გადის – კობა გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის გაუფასურებას ტურისტების შემცირებას უკავშირებს. როგორც გვენეტაძე ამბობს, ტურიზმის სექტორიდან შემოსავლების შემცირების მოლოდინი არსებობდა, რაც არსებული მონაცემებითაც დასტურდება.

იმისათვის, რომ ლარის მკვეთრი გაუფასურება მოსახლეობამ არ იგრძნოს, ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის რჩევაა, სესხები ეროვნულ ვალუტაში აიღონ.

“დღეს საქართველო საგარეო შოკს გადის. ქვეყანაში ტურისტული შემოდინებების შემცირებაა მოსალოდნელი. რიცხვებითაც დასტურდება, რომ ამ ეტაპზე შემოვიდა იმაზე ნაკლები ტურისტი, ვიდრე სხვა პერიოდში შემოვიდოდა. ეს, რა თქმა უნდა, ლარის გაცვლით კურსზე გავლენას ახდენს. ძალიან მტკივნეული პროცესია და აბსოლუტურად მესმის ყველასი, ვინც ამ გავლენას განიცდის. ეროვნული ბანკი ყოველთვის ამბობდა, რომ რადგანაც შოკები ყოველთვის მოსალოდნელია პატარა ზომის ღია ეკონომიკისთვის, დედოლარიზაციის მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შემოსავალი ეროვნულ ვალუტაშია, სესხიც ლარში უნდა იქნეს აღებული. ეს არის ყველაზე კარგი პრევენცია ასეთ დროს”,- ამბობს გვენეტაძე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ეროვნული ბანკი ლარის გასამყარებლად მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებას არ აპირებს. როგორც გვენეტაძე ირწმუნება, სანამ ლარის კურსი ინფლაციაზე გრძელვადიან პერიოდში გავლენას არ იქონიებს, მანამდე ეროვნული ბანკი პროცესში არ ჩაერევა.

სებ-ის ერთ-ერთი ინსტრუმენტი საერთაშორისო სავალუტო რეზერვებია, რომელიც მისი ბალანსის ყველაზე მსხვილ აქტივს წარმოადგენს. ივლისის მდგომარეობით რეზერვების მოცულობა დაახლოებით  3.5 მილიარდი აშშ დოლარია.

“ეროვნული ბანკის ძირითადი მანდატი სტაბილური ინფლაციის შენარჩუნებაა. თუ ჩვენ დავინახეთ, რომ კურსი გავლენას ახდენს ინფლაციაზე, გვაქვს სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომელთა საშუალებითაც ლარის კურსზე გავლენას მოვახდენთ.  ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს. ამასთან, ვფიქრობთ, რომ დღეს ნომინალური გაცვლითი კურსი იმაზე მეტად არის გაუფასურებული, რა საგარეო შოკიც დღეს გვაქვს. თუ დავინახავთ, რომ მოვლენათა ასეთი განვითარება ინფლაციას გადაეცემა, მაშინ მივიღებთ ზომებს”,-ამბობს გვენეტაძე.

14:44 საათისთვის ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარი 2.95 ლარი ღირს. კომერციულ ბანკებში აშშ დოლარის ფასი თითქმის 3 ლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი